"ნაციონალური მოძრაობა" სამუშაო ჯგუფებში ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მსჯელობის შემდეგ მიიღებს - ლევან ბეჟაშვილი

22 ივლისი 2022, 13:58 616 ნახვა

სავარაუდოდ, ჩვენ იმ ოფიციალურ სამუშაო ფორმატში დავრჩებით, რაც არის საკომიტეტო სხდომები და რიგგარეშე სესია - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ოპოზიციას საკმაოდ ცუდი გამოცდილება აქვს მმართველ გუნდთან კომისიებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ასევე აღნიშნა, რომ საკითხზე მსჯელობა ევროპარლამენტარების თხოვნის შემდეგ დაიწყო.

"ოპოზიციას შეთავაზებული აქვს „ქართული ოცნებისთვის“ სამუშაო ფორმატი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. ეს არის რიგგარეშე სესიის მოწვევა, რომელიც 18 ივლისიდან მოწვეულია და დღემდე შეიძლება, რიგგარეშე სესიები ჩაინიშნოს, გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. ასევე საკომიტეტო მოსმენები არის ის ოფიციალური, ინსტიტუციონალიზებული საპარლამენტო ფორმატები, რომელში მუშაობას ჩვენ ვაპირებთ. რაც შეეხება სხვა ფორმატებში მუშაობას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრეთ ევროპარლამენტარებთან. გამოითქვა მათი სურვილი, რომ ამ ფორმატებშიც ჩართვა მნიშვნელოვანი იქნებოდა პროცესისთვის. თუმცა პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით მიიღებს, უახლოეს პერიოდში იმსჯელებს, სავარაუდოდ კვლავ დავრჩებით იმ ფორმატში, რომელიც ოფიციალური და ინსტიტუციონალიზებულია, ეს არის საკომიტეტო მოსმენები და რიგგარეშე სესიის ფორმატი.

ოპოზიციას საკმაოდ ცუდი გამოცდილება აქვს „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის ასეთ ფარულ სამუშაო ჯგუფებში და კომისიებში. საერთო სასამართლოების შესახებ რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი რვა თვეა შექმნილი და მხოლოდ სამჯერ შეიკრიბა; არანაირი წინსვლა და გადაწყვეტილებები არც კი მიიღება. რაც მიუთითებს, რომ სამუშაო ჯგუფები „ქართული ოცნების“ პირობებში არის არაეფექტური, არაქმედითი და მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ პროცესის გაწელვას, რაც, ბუნებრივია, ჩვენს ინტერესში არ უნდა შედიოდეს; ამიტომ ვთავაზობთ „ქართულ ოცნებას“ საკომიტეტო მოსმენების ფორმატს და სესიას, სადაც ღიად და საჯაროდ შევძლებთ ყველა საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებას“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში