ქართულ კომპანიებს, ევროპის 27 ქვეყანაში, შესყიდვებით დაინტერესებული საჯარო უწყებებისთვის პროდუქციის მიწოდების შესაძლობლობა ექნებათ - ლევან დავითაშვილი

25 ივლისი 2022, 16:26 1034 ნახვა

ქართულ კომპანიებს შესაძლობლობა ექნებათ, ევროპის 27 ქვეყანაში, შესყიდვებით დაინტერესებული საჯარო უწყებებისთვის პროდუქციის მიწოდება მოახერხონ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ევროპაში ყოველწლიურად დაახლოებით 250 ათასი შემსყიდველი ორგანიზაცია, 2 ტრილიონი ევროს ოდენობის საქონელს ყიდულობს.

"როგორც იცით, ევროკავშირის მიერ 22 ივლისს გამოქვეყნდა გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნებოდა ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საბჭოს ანგარიშის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ქართული კომპანიებისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა.

ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ წლის განმავლობაში ევროკავშირში დაახლოებით 250 ათასზე მეტი საჯარო შემსყიდველი ორ ტრილიონზე მეტი ღირებულების პროდუქციას იძენს და კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ და რეგისტრირებული არიან, ამ ბაზარზე სრულფასოვანი წვდომის საშუალება და შესაძლებლობა გაჩნდა.

ეს არის საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულებების შესანიშნავად შესრულების შედეგი. შედეგად ჩვენ ქართველ შემსყიდველებს, ქართველ კომპანიებს ვუჩენთ შესაძლებლობას, რომ ევროპულ კომპანიებთან ერთად, თანაბარ პირობებში, ევროპის 27 ქვეყანაში მოახერხონ პროდუქციის მიწოდება იმ საჯარო უწყებებისთვის, რომლებიც საჯარო შესყიდვებით არიან დაინტერესებული. ვფიქრობ, ქართული ბიზნესისთვის ეს ახალი სტიმული იქნება. ამავე დროს ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში