"ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებენ

28 ივლისი 2022, 13:57 1533 ნახვა

“ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებენ - ამის შესახებ  პარლამენტში საგანგებო განცხადების გაკეთებისას ისაუბრეს.

როგორც სოზარ სუბარმა ბრიფინგზე აღნიშნა, საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გავრცელებული წერილის შემდეგ მიიღეს. 

"გუშინ გამოქვეყნებულ წერილში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ამდენი ხანია, ვამბობთ, რომ ძალიან რეალური იყო საქართველოს ომში ჩართვის საქმე და მართალია, დღეს ეს საფრთხე შემცირდა, მაგრამ ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი. საფრთხე არსებობს და როდესაც ჩვენს რეგიონში ასეთი მძიმე ბრძოლა ხდება, ყველაზე დიდი ომი ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყოველწუთიერად არსებობს საფრთხე, რომ ამ ომში შეიძლება, საქართველო აღმოჩნდეს ჩათრეული. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ომი ავაცილოთ თავიდან ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ამისთვის ზოგჯერ საჭიროა, რომ ის, რაც ხდება კულისებში, ის, რაც ხდება საჯარო პოლიტიკის მიღმა, გადმოვიტანოთ საზოგადოების სამსჯავროზე, საზოგადოებას ვუთხრათ მეტი სიმართლე, მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია, რადგან სწორედ დახურულ პოლიტიკაში არის ყველაზე დიდი საფრთხე, რომ მიღებულ იქნას ისეთი გადაწყვეტილებები, რაც არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო, პირიქით, იქნება დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში