"ომის პარტიის" წარმომადგენლები ქსენოფობიური კამპანიით ცდილობენ, საქართველო რამენაირად სამხედრო კონფლიქტში ჩართონ - ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2022, 11:22 947 ნახვა

ომისა და ღალატის პარტიას, რომელსაც განასახიერებენ „ნაციონალური მოძრაობა“, მისი სატელიტი პარტიები, მისივე კუთვნილი მედიასაშუალებები, მასთან დაკავშირებული ცალკეული კომერციული სუბიექტები და რამდენიმე ყველაზე მდიდარი "ენჯეო“, მარტის დასაწყისში გაშლილი ჰქონდა სრულიად სამარცხვინო ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლის მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი. ირაკლი კობახიძემ მოუწოდა ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას. ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გმობს ქსენოფობიურ კამპანიას, რომელიც უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს.

"როგორც მოგეხსენებათ, ომისა და ღალატის პარტიას, რომელსაც განასახიერებენ ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტი პარტიები, მისივე კუთვნილი მედიასაშუალებები, მასთან დაკავშირებული ცალკეული კომერციული სუბიექტები და რამდენიმე ყველაზე მდიდარი „ენჯეო“, მარტის დასაწყისში გაშლილი ჰქონდა სრულიად სამარცხვინო ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ.
 
ამ კამპანიით მათ რამდენიმე დღის მანძილზე დააჯერეს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით შემოდიოდნენ, რაც, მათივე მტკიცებით, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავდა.
 
თუმცა, მარტიდან ხუთი თვე გავიდა და ყველა დარწმუნდა, რომ რუსების უპრეცედენტო რაოდენობით შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მიერ მოგონილი ისეთივე სიცრუე იყო, როგორც მათივე მოგონილი უსაფრთხოების რისკები.
 
რამდენიმე დღეა, ომისა და ღალატის პარტია იგივე შემადგენლობით ცდილობს ააგოროს ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღა. ამ შემთხვევაშიც, მათ აქვთ მცდელობა, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით არიან შემოსული და რომ ეს ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს. ამ აღქმის ჩამოყალიბებას ისინი, ტრადიციულად, ფაქტების უხეში გაყალბებით ცდილობენ", - განაცხადა კობახიძემ.

ასევე განმარტა, რომ 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები მოქალაქე.

"31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები მოქალაქე, მათ შორის არის რამდენიმე დღით ჩამოსული ტურისტი, ერთი დღით შემოსული ადამიანი, მძღოლი და ა.შ. სულ ჯამში არის 110 ათასი. შესაბამისად, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად იყვნენ ჩამოსული, შეიძლება იყოს მაქსიმუმ 20 ათასი, საიდანაც შეგახსენებთ, რომ უამრავი ეთნიკურად ქართველია. მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელიც არის რუსეთის მოქალაქე, სავსებით ლოგიკურია, რომ ომის დაწყების შემდეგ, ეს ადამიანები, ეროვნებით ქართველები, სამშობლოში დაბრუნდნენ. აქედან რამდენია ქართველი, დაზუსტება სჭირდება, მაგრამ ასეც და ისეც, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ, მუდმივად ან ხანგრძლივი ვადით ცხოვრების განზრახვით, არის უკიდურესად მცირე. შესაბამისად, ყველაფერი, რასაც ამ ქსენოფობიური კამპანიის ფარგლებში ავრცელებენ, არის ცარიელი სიცრუე, სპეკულაცია და მანიპულაცია“,-განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ვიზების შემოღების მოთხოვნის უკან დგას ერთადერთი მიზანი, ეს მიზანია საქართველო ჩართონ სამხედრო კონფლიქტში.

"ვიზების შემოღების მოთხოვნის უკან დგას ერთადერთი მიზანი, ეს მიზანია საქართველო ჩართონ სამხედრო კონფლიქტში. ქსენოფობიური კამპანია მთლიანად ამ მიზანს ემსახურება. პირდაპირი გზით მათ ვერ მოახერხეს ამის უზრუნველყოფა, ამიტომ ახლა ცდილობენ ირიბი გზით გააღვივონ აგრესია საზოგადოებაში და საბოლოო ჯამში, ამით მიიყვანონ ქვეყანა ომამდე. ჩვენ ბუნებრივია, ამას არ დავუშვებთ.

ორმაგ სტანდარტებზეც უნდა ითქვას ორი სიტყვა, ამ ადამიანებმა 2010 წელს, შემდეგ 2012 წლის დასაწყისში რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღეს. გახსოვთ საზღვარზე ჩასული მიხეილ სააკაშვილი, როგორ ამაყობდა მზარდი ნაკადით და ეს არიან ადამიანები, რომლებიც დღეს აღვივებენ ქსენოფობიურ კამპანიას. შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს ომიდან გასული იყო არასრული 3 წელიწადი, როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა. ასეთ დროს მათ შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომელიც დღემდე მოქმედებს. დღეს იგივე პოლიტიკური ძალა ცდილობს გააღვივოს საპირისპირო კამპანია. ამ ქსენოფობიურ კამპანიას ერთადერთი მიზანი აქვს - საქართველო ჩართონ სამხედრო კონფლიქტში, რასაც ვერ მიაღწევენ.

ჩვენ ვხედავთ რა პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე, შესაბამისად, ამ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანას უბიძგოს ომისკენ, ყველაფერია მოსალოდნელი. ნებისმიერი პროვოკაციაა მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ იყვნენ მაქსიმალურად ფხიზლად და ფრთხილად იმისათვის, რომ არავითარი აგრესია და ინციდენტები არ იყოს დაშვებული. რისკები არის, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო“, - განაცხადა კობახიძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში