სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, პროვოკაციულმა და გაუთვლელმა ნაბიჯებმა განაპირობა, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი - პრემიერი

08 აგვისტო 2022, 11:41 963 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა, პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

პრემიერმა მედიასთან, აგვისტოს ომში წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

"ერთი მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, ყველანი დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე. დანარჩენ თარიღებზე საუბარს და სპეკულაციას, მე გთხოვთ ყველას, რომ თავი დავანებოთ. მე მინდა, შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი 8 აგვისტო არასდროს გამხდარა განხილვის საგანი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ და საერთოდ უხერხულია, კიდევ მინდა ვთქვა, ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების წევრები დგანან და ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე.

ახლა მე გეტყვით მთავარს. მთავარი რაც არის, არის შემდეგი – ჩვენი ტელევიზიების დე ფაქტო მფლობელის, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა, პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და გაწირეს ჩვენი ხალხი, გაწირეს ჩვენი სამხედროები. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაციული კითხვები, მინდა გთხოვოთ, რომ პატივი მიაგოთ გარდაცვლილი გმირების ხსოვნას“,- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა, 2009 წლიდან დაიწყო რუსულ სახელმწიფო ორგანიზაციებზე სტრატეგიული ობიექტების გადაცემა.

"მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენო, დღეს რომ გამოდიან და თავს რომ დებენ დიდ პატრიოტობაზე, მათ მინდა შევახსენო - აგვისტოს ომის შემდეგ, რამდენიმე თვე იყო გასული აგვისტოს ომიდან და სააკაშვილმა, უკვე 2009 წლიდან, დაიწყო რუსულ სახელმწიფო ორგანიზაციებზე სტრატეგიული ობიექტების გადაცემა. გახსოვთ მაშინ, ჩვენ მოვისმინეთ, რომ რუსულ ფულს თურმე მაშინ სუნი არ ჰქონდა.  მეორე - სააკაშვილის ხელისუფლებამ ცალმხრივად გააუქმა უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.  მესამე - სააკაშვილის ხელისუფლებამ ომის შემდეგ არავითარი ქმედება არ განახორციელა, რომ თუნდაც სანქციების ორგანიზება გაეკეთებინა, რომ დაეწყოთ მუშაობა, იმისთვის, რომ გარკვეული სანქციები დაკისრებოდა რუსეთს, ოკუპაციის გამო. მას შემდეგ, რაც გრძელდებოდა მთელი ის ქმედებები, რაც დღესაც გრძელდება. ამის ნაცვლად მათ ცალმხრივად გაუხსნეს უვიზო რეჟიმი, გადასცეს რუსულ სახელმწიფო კომპანიებს სტრატეგიული ობიექტები და შემდეგ უკვე ვნახეთ, რომ მხარი დაუჭირეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე, განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს.

"მიუხედავად მრავალი მცდელობისა იმ მოღალატეების მხრიდან, ვინც ეს ომი ვერ და არ ააცილა ჩვენს ქვეყანას, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი ყოფილიყო, ეს გეგმა ჩაიშალა და ყოველთვის ჩაიშლება. ნახეს, რომ მსოფლიოში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდაა საქართველოში - არცერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობს ასეთი პროგრესი და ვინაიდან, მიზანს ვერ მიაღწიეს და მეორე ფრონტი საქართველოში ვერ გადმოიტანეს, უნდათ, ჩვენი მოქალაქეები რამენაირად დააზიანონ. უნდათ, რომ ტურისტების შემოდინება შეაფერხონ - ეს ვისზე აისახება? ჩვენს ქვეყანასა და ეკონომიკაზე, ჩვენს ხალხზე. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 - სამხედრო მოსამსახურე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში