ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა

13 აგვისტო 2022, 20:00 732 ნახვა

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები. 2021 წელს გამოწვევები ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა, მათ შორის - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეზღუდვები პარლამენტის ფუნქციონირებაში; ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ხარვეზები; 2021 წლის ივლისის ძალადობა ჟურნალისტებისა და LGBTIQ პირთა წინააღმდეგ შემდგომი არსებითი გამოძიების გარეშე; ცნობები ქართული და დიპლომატიური საზოგადოების ნაწილის მოსმენების შესახებ. გასული წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმა შეფერხდა და ძირითად სფეროებში რეგრესიც კი განიცადა.

რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კანონი დაჩქარებული წესით იყო მიღებული პარლამენტის მიერ ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ აუცილებელი კონსულტაციებისა და ანალიზის გარეშე. ეს კანონები სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას, დანიშვნის საკვანძო პროცედურებს, ფარული თვალთვალის პროცედურებს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლას მოიცავდა.

რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ სერიოზული შედეგები მოჰყვა საქართველოსთვის უსაფრთხოების ვითარების კუთხით, რაც გამწვავდა თვითგამოცხადებულ რეგიონებში რუსეთის ჯარების ყოფნით. ამან ასევე იმოქმედა ქვეყნის ეკონომიკაზე, რადგან უკრაინა და რუსეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან.

მთავრობამ რუსეთსა და ბელარუსს სანქციები არ დაუწესა, მაგრამ მიიღო ზომები ევროკავშირის ზოგიერთი სანქციის პრაქტიკაში განსახორციელებლად და სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში