ომბუდსმენის სარჩელი და ადგილობრივი ხელისუფლების პასუხი

18 აგვისტო 2022, 17:15 744 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ნინო ლომჯარიას საჩივარი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის დაზიანებისკენაა მიმართული. ,, ის ნაცების სახალხო დამცველია „ ასე მოიხსენია დღეს თორნიკე  რიჟვაძემ ომბუდსმენი. მისი თქმით,  ბოლომდე დაიცავენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა და რომელსაც რიჟვაძის თქმით, 3 ათასი ადამიანი ელოდება. რეგიონის პირველი პირის უკმაყოფილება და ეს შეფასება ნინო ლომჯარიას საკონსტიტუციო სარჩელს მოჰყვა, რომლითაც ომბუდსმენი ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერებასა  და მის  არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. ომბუდსმენმა   საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე  მიმართა.   სახალხო დამცველის  აპარატის ინფორმაციით, აღნიშნული დროებითი რეგულაცია  სამშენებლო კომპანიებს აძლევს უფლებას  მშენებლობის პროცესი უსაფრთხოების, მშენებლობის ძირითადი პირობების, სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის წესების დაცვის გარეშე წარმართონ. ამასთან,  სადავო რეგულირებით, 2027 წლამდე ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე დასაშვები გახდა  განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტისდა ობიექტის მაქსიმალური სიმაღლის ნებისმიერი მოცულობით გადაჭარბება

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში