საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის მინისტრებმა სატრანსპორტო, შუა დერეფნის განვითარების საკითხები განიხილეს

23 აგვისტო 2022, 19:46 2264 ნახვა

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და კონკურენტუნარიანობის ზრდა იყო დღეს თბილისში გამართული სამმხრივი შეხვედრის მთავარი თემა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა.

„თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა სატრანზიტო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური მიმართულებით არის უმნიშვნელოვანესი. შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რომლებიც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს დერეფნის კონკურენტუნარიანობას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაშიც. არსებული მიმდინარე, კონკრეტული პრობლემები ჩვენ განვიხილეთ და გადაჭრის გზებიც დაისახა იმისთვის, რომ ტვირთბრუნვა დაჩქარდეს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო მეტი ტვირთი გადავზიდოთ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ინფრასტრუქტურის გამოყენებით და საბოლოოდ, შევქმნათ არსებული სატრანზიტო-სატრანსპორტო მარშრუტების რეალური ალტერნატივა“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.

სამმხრივი შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ადილ კარაისმაილოგლუ.

„ამის საშუალებას იძლევა უკვე არსებული პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, მარმარაის გადასასვლელი სტამბოლში და ამ პროექტების მეშვეობით შესაძლებელი იქნება, რომ ჩინეთიდან გამოსული ტვირთი უწყვეტ რეჟიმში მოხვდეს ლონდონში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი როგორც რეგიონისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის, 800 მილიარდის სავაჭრო მოცულობა უნდა იქნას ათვისებული, არ მოხდეს მისი დაკარგვა, სხვა სატრანსპორტო დერეფნებში გადანაწილება. აქედან გამომდინარე ეს დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სატვირთო გადაზიდვებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მომავალში სატვირთო გადაზიდვებთან ერთად დაიწყოს სამგზავრო გადაყვანებიც“, – აღნიშნა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს არსებული მდგომარეობა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები და მიმართულებები და მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილებები რომელიც გულისხმობს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთს შორის სარკინიგზო მაგისტრალით გადაზიდვების გაზრდას და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის მშენებლობის დროულ დასრულებას.

შუა დერეფნის მიმართ გაზრდილ საერთაშორისო ინტერესზე საუბრობს აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი.

„ჩვენი ქვეყნები – აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო, ამ დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ამ დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის განსახილველად. ჩვენი მიზანია გავზარდოთ ამ დერეფნის ეფექტურობა ისეთი საკითხების გადახედვით, როგორიცაა ტარიფების რეგულირება, ბლოკ-მატარებლების გაერთიანება და საზღვრების გასწვრივ რეგულაციებისა და აქტივობების სინქრონიზაცია“, – აღნიშნა მან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში