საპარლამენტო ოპოზიციის და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილის განცხადება

05 სექტემბერი 2022, 11:50 513 ნახვა

დამოუკიდებელი დეპუტატებისა და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილი განცხადებას ავრცელებენ. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „რესპუბლიკური პარტიის“, ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატების – თამარ კორძაიას, თაკო ჩარკვიანის, არმაზ ახვლედიანის, შალვა შავგულიძის, ნატო ჩხეიძის განცხადებაშია ნათქვამი, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება, კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდეგ ევროკავშირის წევრობა არის საქართველოს ისტორიული შანსი და მთავარი ამოცანა.

განცხადების ხელმომწერების თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავიდანვე რეკომენდაციების მიღებისთანავე დააყენა სამი კონკრეტული დათქმა, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას. ამის პარალელურად, კი მათივე მტკიცებით, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული ჰიბრიდული ომის ხერხის გამოყენებით წამოიწყო საინფორმაციო შეტევა პროდასავლურ ოპოზიციურ სპექტრზე,  არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ელჩებზე, აშშ და ევროკავშირის ინსტიტუტებზე იმ საბაბით, რომ თითქოს ყველა ზემოაღნიშნულს სურდა საქართველოში ომის დაწყება და მეორე ფრონტის გახსნა.  მიმდინარე კვირაში დაგეგმილია ფინალური შეხვედრები დეოლიგარქიზაციის, სასამართლო, საარჩევნო და მედია საკითხების მიმართულებით. 

მომდევნო კვირაში საბოლოო შეჯერების შემდეგ მოხდება დოკუმენტის გასაჯაროება და შესაბამისი კანონპროექტების ინიცირება საქართველოს პარლამენტში სექტემბრის ბოლომდე - ნათქვამია განცხადებაში.

ქართულ ოცნებაში ამ განცხადებას პროცესების დისკრედიტაციისკენ მიმართულს უწოდებენ და ირწმუნებიან, რომ ქართული ოცნება რეკომენდაციების შესასრულებლად შესაბამის ღონისძიებებს ატარებს, ოპოზიცია კი დესტრუქციით არის დაკავებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში