შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები - ნიკა მელია

05 სექტემბერი 2022, 12:26 827 ნახვა

შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, "ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი, მოქმედება იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ბრიფინგზე ნიკა მელიამ სტრატეგიულ გეგმაზე ისაუბრა.

"შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ჩვენი, "ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი, მოქმედება, აქტივობა იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად, ამ ისტორიული ამოცანის შესასრულებლად. ჩვენი სტრატეგიული გეგმაა, პირველი – მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები ვადამდელი არჩევნების მისაღწევად.

მეორე - უწყვეტი ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან. ვესაუბრებით ყველგან, ქალაქებსა და სოფლებში, ქუჩებსა და სკვერებში ევროპული არჩევანის დაცვისა და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე. მოქალაქეებს წარვუდგენთ ხედვებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს თვეებში ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად. როგორ ქვეყანას ავაშენებთ ცვლილებების შემდეგ – მდიდარი სახელმწიფო წარმატებული ადამიანებით, სადაც გამორიცხული იქნება, ძალაუფლება აღმოჩნდეს ერთი ჯგუფის ხელში. თავდადებით და შემართებით უნდა გავაჩინოთ გამარჯვების რწმენა, გავაძლიეროთ ნდობა და გავააქტიუროთ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე.

მესამე - უცხოელ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია და აშკარაა, რომ ჩვენი მეგობრები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ რუსული ოცნების პირობებში საქართველომ გადაუხვია დასავლურ გზას და რუსული ორიენტირი აირჩია საბოლოოდ. ვაღიაროთ, მათი მხრიდან ასეთი განწყობა არ იყო არც 2020, არც 2021 წლებში. ამ მოძრაობის შედეგად, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით და საერთაშორისო ზეწოლის გენერირებით, პოლიტიკური აქტივობების და პროტესტის მზარდი მასშტაბების ინტენსივობით და მუხტით უნდ ვაიძულოთ ხელისუფლება, ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში