ელექტრონულ არჩევნებზე ინიციატივა უზრუნველყოფს საარჩევნო პროცედურების უფრო გამჭვირვალობას - კობახიძე 

20 სექტემბერი 2022, 12:44 816 ნახვა

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რაც მომზადდა სამუშაო ჯგუფის მიერ, ეფუძნება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს. იყო 19 ძირითადი რეკომენდაცია და სწორედ ამ რეკომენდაციების შესაბამისად შემუშავდა კანონპროექტი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"იყო 19 ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც წარმოადგინა თავის დროზე ეუთო/ოდირმა და სწორედ ამ რეკომენდაციების შესაბამისად შემუშავდა კანონპროექტი. არის დაფარული ყველა საკითხი. კიდევ ერთხელ გავამახვილებთ ყურადღებას მთავარ თემაზე, ეს არის ელექტრონული წესით ხმის მიცემა და ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც დაინერგება საქართველოს მასშტაბით. ეს მოიცავს ამომრჩეველთა სულ მცირე 70 პროცენტს. შეიძლება, იყოს 90 პროცენტი, მეტიც, უბრალოდ, ჩვენ თავს ვიზღვევთ ტექნიკური ასპექტებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია ტექნოლოგიების დანერგვასთან“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, ინიციატივა, რომელიც წარადგინეს ამომრჩევლის აბსოლუტურ უმრავლესობას მოიცავს, რაც საარჩევნო პროცედურების კიდევ უფრო გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

"მოხსნის უამრავ საკითხს, რაც იდგა დღის წერიგში. ეს არის იგივე ოქმების დაუბალანსებლობის საკითხი, რეგისტრაციასთან დაკავშირებული სპეკულაციები, თუ კითხვები, რაც უკავშირდებოდა იგივე ე.წ. კარუსელებს და ა.შ. უამრავი კითხვა მოიხსნება, ასევე არჩევნების შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება კენჭისყრის პროცედურის დასრულებიდან უკვე რამდენიმე წუთში. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც აუცილებლად დამტკიცდება პარლამენტის მიერ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში