პარლამენტი ომბუდსმენს ღია კენჭისყრით აირჩევს

22 სექტემბერი 2022, 13:34 597 ნახვა

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 104 ხმით მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებას ითვალისწინებს. კერძოდ, 204-ე მუხლის მე-5 პუნქტში იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალს, რომელთა არჩევისას კენჭისყრა ფარულია, სახალხო დამცველი გამოაკლდება და საქართველოს პარლამენტის მიერ ომბუდსმენის არჩევა ღია კენჭისყრით მოხდება.

ინიციატივა პარლამენტს „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა წარუდგინა.  

"პარლამენტმა მხარი დაუჭირა ჩვენს ინიციატივას, რომელიც სახალხო დამცველის არჩევის წესის ფარულობის გაუქმებას და ღიაობის შემოტანას გულისხმობს. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს იმას, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა წარიმართოს გამჭვირვალედ და ინკლუზიურად, რაც საშუალებას მისცემს საზოგადოებას, თვალი მიადევნოს პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილების თანმიმდევრულობას კენჭისყრის შედეგების მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატების პოზიცია იყოს საჯაროდ ცნობილი, რათა ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არ მოხდეს ფარული გარიგებები საკმარისი რაოდენობის ხმების მისაღებად. მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსი თავისი გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ საუბარს არ უნდა ერიდებოდეს, მას უნდა ჰქონდეს დასაბუთებული პასუხი კითხვებზე, თუ ვის და რატომ უჭერს ან არ უჭერს მხარს. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომელი პოლიტიკოსი რომელ კანდიდატს უჭერს მხარს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში