შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

11 ოქტომბერი 2022, 19:39 1112 ნახვა

11-16 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 145-ე ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც რუანდის დედაქალაქ კიგალში გაიმართება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასამბლეის სესიაზე შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგებთან. საუბარი ძირითადად, შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას.

145-ე ასამბლეაზე დაგეგმილია დისკუსია გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზებზე. ასევე, იმსჯელებენ პარლამენტებში გენდერული თანასწორობის შესახებ.

ასამბლეაზე 120-მდე ქვეყნის 1 200-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 60-მდე პარლამენტის თავმჯდომარე მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი შედიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში