საქართველო ნორვეგიას განიხილავს როგორც სანდო პარტნიორს, რომელთანაც აკავშირებს საერთო ევროპული ღირებულებები - ილია დარჩიაშვილი

17 ოქტომბერი 2022, 12:11 635 ნახვა

საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და მადლიერია ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ნორვეგიელ კოლეგასთან, ანიკენ ჰუდფელდტთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იქ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ასევე გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ადამიანის უფლებების მიმართულებითაც. ითქვა, რომ აღნიშნული მწვავე უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომელიც ერთადერთი ფორმატია რუსეთის ფედერაციასთან მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების საკითხზე.

 

ასევე მსურს, ხაზი გავუსვა, რომ საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და მადლიერია ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერის.

 

მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი პარტნიორების აქტიურ ჩართულობას, ერთიან და მტკიცე პოზიციას ამ მიმართულებით“,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ნორვეგიას განიხილავს როგორც ახლო მეგობარს და სანდო პარტნიორს, რომელთანაც აკავშირებს საერთო ევროპული ღირებულებები და ინტერესები უფრო მშვიდობიანი, მდგრადი და თანასწორი მსოფლიოს მშენებლობისთვის.

„მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ საქართველოში ჩემს კოლეგას, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც პირველად სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. მისი ვიზიტი არის ნათელი დასტური საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკისა და გამოხატულება ნორვეგიის პასუხისმგებლიანი ჩართულობისა და სოლიდარობისა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ჩვენთვის მეტად რთულ გეოპოლიტიკურ დროს და კონტექსტში. ღრმად ვაფასებ მინისტრის როლს და მის პირად ჩართულობას ღირებულებებსა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უზრუნველყოფის პროცესში. საქართველო ნორვეგიას განიხილავს როგორც ახლო მეგობარს და სანდო პარტნიორს, რომელთანაც აკავშირებს საერთო ევროპული ღირებულებები და ინტერესები უფრო მშვიდობიანი, მდგრადი და თანასწორი მსოფლიოს მშენებლობისთვის“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, წელს საქართველო და ნორვეგია აღნიშნავენ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში