სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება

18 ოქტომბერი 2022, 22:52 987 ნახვა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2022 წლის 17 ოქტომბერს,  საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მ.თ-ს განცხადების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობით, მისი პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვების, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე  გამოძიება დაიწყო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა მ. თ-მ განმარტა, რომ 2021 წლიდან არის ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე. 2022 წლის 29 აგვისტოს,  ე.ბ.-მ კუთვნილ მობილურ ტელეფონში აჩვენა მასსა და მის თანაფრაქციელ  თ. თ.-ს შორის განხორციელებული მიმოწერის ე.წ. „სქრინები“. მოწმის განმარტებით, ე.ბ.-მ უთხრა, რომ აღნიშნული შეტყობინებები მოიპოვა და მას გადასცა მათივე თანაპარტიელმა მ.ჯ.-მ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიმოწერის უკანონოდ მოპოვების და გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულების მოძიების მიზნით ე.ბ-ს და მ.ჯ-ს კუთვნილი მობილური ტელეფონები ამოიღო, რომელიც დაილუქა მესაკუთრეების თანდასწრებით, რის შემდეგაც აღნიშნული ნივთმტკიცებები გადაიგზავნება ექსპერტიზის ბიუროში  მობილურ ტელეფონებში მ.თ.-ს პირადი მიმოწერის ამსახველი უკანონოდ მოპოვებული და გავრცელებული „სქრინების“ არსებობის დასადგენად. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2022 წლის 1 მარტიდან გაზრდილი საგამოძიებო უფლებამოსილებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობას ასევე მიეკუთვნება ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოებისა და კერძო კომუნიკაციის უკანონო ხელყოფის ფაქტების გამოძიება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში