აირაის კვლევა : პოლიტიკური შეფასებები

08 ნოემბერი 2022, 19:39 592 ნახვა

აირაის კვლევა და პოლიტიკური შეფასებები - ოპოზიცია და მმართველი გუნდი სხვადასხვა საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. ჯამში კი, გამოკითხვა ეხება საქართველოს საგარეო კურსს, კანდიდატის სტატუსს, პოლიტიკური პარტიების რეიტინგს, ინსტიტუციებისა და პერსონების ნდობას, ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებს. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს - კითხვაზე: მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? "ქართულ ოცნებას" მხარი გამოკითხულთა 25%-მა , "ნაციონალურ მოძრაობას" კი 12%-მა დაუჭირა მხარი. სხვა პარტიებს 3%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვთ. "ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ კვლევების თანახმად, მოსახლეობის 90%-ზე მეტი არსებული ხელისუფლების წინააღმდეგია. მმართველ გუნდში კი პირიქით ამბობენ, რომ კვლევის შედეგები ოპოზიციური ველის მიმართ ნდობის სიმცირეს ასახავს. არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით კი, აირაის კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ადამიანებს აწუხებთ ეკონომიკა, მაღალი ფასები, უმუშევრობა და სიდუხჭირე. ასევე აღნიშნავენ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროკავშირის ინტეგრაციის მომხრეა, იმ ფონზეც კი, თუ რუსეთთან შეწყდება სავაჭრო ურთიერთობა. კვლევა, რომელიც გუშინ დღის ბოლოს გამოქვეყნდა, მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. გამოიკითხა 1 500 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი დაახლოებით 2.5%-ია.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში