2023 წლის ბიუჯეტის რესურსი 23,1 მილიარდი ლარია - პარლამენტი ფინანსთა მინისტრს უსმენს

17 ნოემბერი 2022, 17:24 1286 ნახვა

2023 წლის ბიუჯეტის რესურსი 23,1 მილიარდი ლარია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მთავარი საფინანსო დოკუმენტით გათვალისწინებულია პოლიციელებისა და ჯარისკაცებისთვის 20%-ით ხელფასის მატება, 10%-ით გაეზრდებათ ხელფასი საჯარო სექტორში დასაქმებულებს, იზრდება ხარჯები სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებითაც, სადაც ძირითადად იგულისხმება პენსიების და დანამატების ზრდა, ასევე 6 მილიარდი დაიხარჯება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე.

მინისტრის განცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით. სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე მთლიანი რესურსის 30 პროცენტია გათვალისწინებული და ჯამში მათი დაფინანსება 7,0 მილიარდი ლარია.

"რესურსის 26 პროცენტი - 6,1 მილიარდი ლარი მიიმართება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ პროექტებზე;

11 პროცენტია (2,6 მილიარდი ლარი) გამოყოფილი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე;

ასევე, 11 პროცენტამდეა (2,5 მილიარდი ლარი) თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დაფინანსება;

კულტურისა და სპორტის დაფინანსება შეადგენს 831 მილიონ ლარს;

გარემოს დაცვა - 617 მილიონ ლარს;

პენიტენციური სისტემისთვის გათვალისწინებულია 227 მილიონი ლარი;

სასამართლოებისა და პროკურატურის დაფინანსება - 192 მილიონი ლარი;

საგარეო ურთიერთობები - 183 მილიონი ლარი;

ვალების მომსახურება 1 მილიარდ 170 მილიონი ლარი",- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.


 

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს ბიუჯეტის ცვლილებების დროს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით დაფინანსება, დაახლოებით, 160 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 196 მილიონ ლარამდე შეადგინა. ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით, 2023 წელს კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე მიიმართება 6 მილიარდ ლარზე მეტი.


ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2023 წლიდან სასწრაფო დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასები 10%-ით, ხოლო სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასები 100 ლარით გაიზრდება

„ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, გამოყოფილია 97 მილიონი ლარი. კორონავირუსთან დაკავშირებული ხარჯები მცირდება თითქმის 500 მლნ ლარით და ამ ეტაპზე, გათვალისწინებულია 63 მლნ ლარამდე. მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება შეადგენს 85 მილიონ ლარს.  ჯანდაცვის სხვა პროგრამებზე გამოყოფილია 340 მილიონ ლარამდე“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.


 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების, ისე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიმართულებით გვქონდეს მეტი დაფინანსება.

"როგორც აღვნიშნე, უსაფრთხოების მიმართულებით ხელფასები იზრდება 20%-ით. ალბათ, არავის შეხსენება არ სჭირდება, რომ უსაფრთხოების კომპონენტი დღეს საქართველოსთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. შესაბამისად, ეს დაფინანსება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


 

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 2021 წელთან შედარებით, გაზრდილია 640 მილიონი ლარით და 5 მილიარდ 340 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის:

  • პენსიები და კომპენსაციები - 3 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი;
  • მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებები - 1 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი;
  • მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა დახმარებები - 85 მილიონი ლარი;
  • ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები - 70 მილიონ ლარამდე;
  • დასაქმების ხელშეწყობა - 80 მილიონ ლარზე მეტი;
  • საპენსიო სქემის თანადაფინანსება - 310 მილიონი ლარი;
  • მუნიციპალიტეტების სოციალური პროგრამები - 290 მილიონი ლარი.

გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსიის ზრდა 65 ლარით, რისი გათვალისწინებითაც: მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, კანონით განსაზღვრული საპენსიო დანამატის ჩათვლით იქნება 438 ლარი; დანარჩენი პენსიონერებისთვის - 365 ლარი;
  • 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით, რისი გათვალისწინებითაც: მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, ზემოაღნიშნული დანამატის ჩათვლით იქნება 354 ლარი; დანარჩენი პენსიონერებისთვის - 295 ლარი;
  • მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირთა დახმარება იზრდება 65 ლარით;
  • სხვა კატეგორიის შშმ პირთა დახმარების ზრდა 35 ლარით;

იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისთვის იწყება 7 ათას ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს გამოყოფილია 230,0 მლნ ლარი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში