ავხსენი, რატომ არ შევიწყალებ სააკაშვილს, მეორე მხრივ, არ მსურს, მას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი, ყურადღებით ვაკვირდები ყველა სამედიცინო დასკვნას - სალომე ზურაბიშვილი

21 ნოემბერი 2022, 16:13 873 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა, რომ მას არ აქვს ძალაუფლება, შეიწყალოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„მე არ მაქვს ეს ძალაუფლება ძალიან მარტივი მიზეზით, მისთვის სასჯელის მისჯის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მას ჯერ კიდევ ასამართლებენ. ასეთი კანონია საქართველოში, რომ შეწყალება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერი დასრულდება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, „შეიწყალებდით სააკაშვილს, როდესაც ყველაფერი დასრულდება“, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში საკმაოდ ვრცლად განმარტა, თუ რატომ არ შეიწყალებს მას.

„ეს სხვა საკითხია. მე საკმაოდ ვრცლად ავხსენი საქართველოში, რატომ არ შევიწყალებ მას, რადგანაც ეს არის პოლარიზაციის მთავარი ფაქტორი. თქვენ ვერ იპოვით მისი რეჟიმის დროს მცხოვრები ოჯახებიდან ერთსაც კი, რომელსაც არ გამოუცდია, რას ნიშნავს ასეთი ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში ყოფნა. ამიტომ მე არ მინდა, ვიქცე მეტი პოლარიზაციის ინსტრუმენტად. მეორე მხრივ, მე ვარ სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც არ სურს, ექსპრეზიდენტი მოკვდეს ციხეში ან მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი.

ამიტომ ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ყველა სამედიცინო დასკვნას. ველოდებოდი დღეს საერთაშორისო სამედიცინო გუნდის კიდევ ერთ დასკვნას, მაგრამ ის ჯერ არ გამოქვეყნებულა. საჯაროდ ვამბობ საქართველოში, რომ სააკაშვილის ექსტრადირება უნდა მოხდეს ან არ ვიცი, რა არის სწორი ტერმინი, რათა მას მიეცეს საშუალება დამატებითი შემსუბუქების საავადმყოფოში, სადაც ის ექვსი თვეა, არის, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში