ბოლო ათი წლის მანძილზე აჭარის ბიუჯეტი გასამმაგდა და ნახევარ მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს - თორნიკე რიჟვაძე

29 ნოემბერი 2022, 12:10 652 ნახვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალი წლის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდს მიაღწევს - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის გასამმაგდა და შესაბამისად, გაიზრდება სხვადასხვა სფეროს დაფინანსებაც. პრიორიტეტად დარჩება ტურიზმის, განათლებისა და სპორტის სფეროები.

"ჩვენ უკვე წარვადგინეთ ბიუჯეტის პირველადი ვერსია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში და განხილვისა და შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ, წარედგინებათ საბოლოო ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში აჭარის ბიუჯეტი გასამმაგებულია და შეადგენს ნახევარ მილიარდ ლარზე მეტს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დავგეგმოთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა ჩვენი მცხოვრებლებისთვის. განსაკუთრებით, მინდა, აღვნიშნო ძალიან დიდი ზრდა განათლების მიმართულებით. ეს ეხება როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე განათლების პროგრამებს. შეიძლება აღინიშნოს, რომ უკვე გაისად და შემდეგი სამი თვის განმავლობაში, არც ერთი სკოლა არ დარჩება რეაბილიტაციის გარეშე და აშენდება ახალი სკოლები“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, პირველ რიგში იგეგმება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა, რაც აჭარაში სხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩასული სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება, ასევე ახალი წლიდან ამოქმედდება სამინისტროებში სტუდენტთა ფართო სტაჟირების პროგრამაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში