შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, არჩევანი არეულობის სასარგებლოდ თუ გაკეთდება, ეს უნდა შეაფასოს საზოგადოებამ, იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს - ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2022, 13:42 580 ნახვა

შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, არჩევანი არეულობის სასარგებლოდ თუ გაკეთდება, ეს უნდა შეაფასოს საზოგადოებამ, იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ადამიანების, ვინც ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს, მთავარი მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობაა.

„პირველ რიგში, შეწყალება არ არის ჩვენი პრეროგატივა, ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა. ერთადერთი, რაც ამოძრავებთ ამ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ საუბრობენ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, არის ქვეყანაში არეულობის შექმნის ინტერესი. იცით, რომ სწორედ ამ მიზნით ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში, მუნიციპალური არჩევნების წინ და ზუსტად იგივე მიზნით სურთ მისი გათავისუფლება. ეს ინტერესი საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს და ამის მიხედვით გააკეთოს დასკვნები. ასევე, სალომე ზურაბიშვილი სიმშვიდესა და არეულობას შორის არჩევანს თუ არეულობის სასარგებლოდ გააკეთებს, ესეც უნდა შეაფასოს საზოგადოებამ. იმედი მაქვს, ამას არ გააკეთებს პრეზიდენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას სინამდვილეში სააკაშვილის ჯანმრთელობა არ ადარდებს და ერთადერთი რაზეც ისინი ფიქრობენ, სააკაშვილის გათავისუფლებით ქვეყნის არევაა.

„როდესაც კონკრეტული ადამიანები ვითომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დარდობენ, მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც სააკაშვილი საქართველოში ქვეყნის ასარევად ჩამოიყვანეს და რომლებიც სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ პირდაპირ მოუწოდებდნენ,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში