ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

30 ნოემბერი 2022, 20:12 735 ნახვა

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი პატიმრობაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა.

ბრალდების მხარე ითხოვდა, მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩენილიყო, რადგან პროკურორების განმარტებით, კვლავ არსებობს საფრთხეები, მათ შორის მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების.

დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.

რაც შეეხება თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურებრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი - ბექა მურღვლიანი და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი - ლ.ჭ. მათ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„გრინსერვის +“-ის კიდევ ერთ თანამშრომელს - დევი კახოიძეს კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება ბრალი, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს. დაკავებული არიან ასევე, შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი - ნუგზარ ქიტიაშვილი და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დავით თუშიშვილი. მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას. ასევე, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ. მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.

გამოძიებამ ცხრა პირი დააკავა, რომლებსაც სამსახურებრივ გულგრილობას, ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და სამშენებლო წესების დარღვევას ედავებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში