განვაგრძობთ იმ ყველაფრის კეთებას, რაც დაგეხმარებათ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში - ფილიპ რიკერი

01 დეკემბერი 2022, 10:34 464 ნახვა

მოხარული ვარ საქართველოში დაბრუნებით, ქვეყანაში რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონალური მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და ურთიერთკავშირებისთვის. გასულ წელს, აქ ყოფნისას მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ქართველ ლიდერებთან თქვენს მეზობლებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიაციისთვის, – ამის შესახებ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარმა მრჩევლმა, ელჩმა, ფილიპ რიკერმა განაცხადა.

რიკერის განცხადებით, საქართველო განაგრძობს რეგიონულ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას.

„ევროკავშირის მონიტორინგის შესაძლებლობების მხარდაჭერით, საქართველო განაგრძობს რეგიონულ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას. მოხარული ვარ, კვლავ შევხვდე პრემიერს და განვიხილო რეგიონული საკითხები. ოქტომბერში ვხელმძღვანელობდი აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. ამ ვიზიტის დროს განვიხილავ, როგორ განვაგრძოთ ძალისხმევა რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, მათ შორის, როგორ შეუძლია აშშ-სა და საქართველოს, ხელი შეუწყონ საქართველოში რუსული ოკუპაციის მშვიდობიან მოგვარებას და ზეწოლა განახორციელონ რუსეთზე, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – განაცხადა რიკერმა.

ფილიპ რიკერის განცხადებით, აშშ მოწოდებულია, დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, როგორც ამას გასული 30 წლის განმავლობაში აკეთებდა.

„ეს მოიცავს ჩვენს მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ამაყი ვართ საქართველოს გვერდით დგომით, რამდენადაც თქვენ მიისწრაფვით ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ. აშშ განაგრძობს იმ ყველაფრის კეთებას, რაც დაგეხმარებათ, მიაღწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რადგან ეს არის ის მომავალი, რომელიც ხალხს სურს და იმსახურებს. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს სტუმართმოყვარეობისა და აშშ-სთან მტკიცე პარტნიორობისთვის. როგორც ქართველები ამბობენ, თუ სტუმარი ღვთის საჩუქარია, მაშინ საქართველო არის საჩუქარი ჩემნაირი სტუმრებისთვის“, – განაცხადა რიკერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში