საქართველო სრულად უცხადებს პოლიტიკურ მხარდაჭერას უკრაინას, უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას, მაგრამ სამხედრო დახმარებას ვერ და არ გაუწევს - მდინარაძე

06 დეკემბერი 2022, 15:24 600 ნახვა

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობისგან არ მიუღიათ პასუხი უკრაინისთვის როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მოწოდებაზე.

მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველო სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, როგორც მხარე, ვერ დაფიქსირდება.

"კასიანოვმა ილაპარაკა ბევრ თემაზე, ყველაფერი იყო მეორეხარისხოვანი და პირდაპირ ვიტყვი, იმისთვის გამიზნული, რომ დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება. მათ უნდათ და ეს თქვა კიდეც კასიანოვმა, რომ საქართველო გამოდიოდეს, როგორც მხარე, სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, ანუ ომში. რუსეთის საოკუპაციო ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში არ არის და ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას.

როდესაც რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველომ უკრაინას უნდა მიაწოდოს იარაღი, სამხედრო ტექნიკა და ასე შემდეგ, ხომ გესმით, რომ მათ საქართველოს მხრიდან რაიმე განსაკუთრებული იარაღის, საბრძოლო მასალის თუ სამხედრო ტექნიკის მიწოდების მოლოდინი ობიექტურად არ აქვთ. ეს არის მთავარი მესიჯი, რაც ამ ადამიანმა გაახმოვანა და ნიშნავს, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს, როგორც მხარე, სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში. დანარჩენი, რაც ილაპარაკა, მხოლოდ წვრილმანი დამაზიანებელი მესიჯები იყო, ქუჩის სახელის დარქმევაზე და უამრავ რაღაცაზე ისაუბრა. მთავარი სათქმელი და მიზანი იყო, საქართველო დაფიქსირდეს მხარედ მაშინ, როდესაც საქართველო 30 000-ზე მეტ დევნილს იფარებს, უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას, არის 400-ზე მეტი დოკუმენტის მხარდამჭერი თუ თანაავტორი, მათ შორის, საქართველო არის იმ დოკუმენტების მხარდამჭერი, რომლებიც შეეხება ჰააგასა და სამხედრო ტრიბუნალს რუსეთის წინააღმდეგ. ზოგ შემთხვევაში, თანაინვესტორი, ზოგ შემთხვევაში, მხარდამჭერი, ზოგ შემთხვევაში, თანაავტორი. შესაბამისად, საქართველო სრულად და აბსოლუტურ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს თავისი შესაძლებლობების ფარგლების ზემოთ, სამხედრო დახმარებას ვერ და არ გაუწევს, რადგან ოკუპირებული ტერიტორიების მქონე, ნომერ პირველი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანა სამხედრო მხარდამჭერად ვერ დაფიქსირდება. ეს არის მარტივი მოცემულობა. ეს მხოლოდ კასიანოვისგან არ გაგვიგია, გაცილებით მაღალი თანამდებობის პირები ამბობდნენ, უკრაინელები, ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები, რომ უნდა შევისეირნოთ სოხუმში, უნდა გავუწიოთ სამხედრო მხარდაჭერა, უნდა ჩაერთოს საქართველო ომში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პროფესიონალი ექიმები ზრუნავენ, ყველაფერი დანარჩენი კი სასამართლოს გადასაწყვეტია.

"რამდენიმე თვის ინტერვალით მეორდება უმძიმესი პროგნოზების გაკეთება. არც ერთ შემთხვევაში ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ახლა განსხვავება ისაა, რომ როგორც ჩანს, ლობისტები ამოქმედდნენ და ერთი და იმავე სათაურით, ერთი და იმავე ფოტოთიც კი იდება სხვადასხვა უცხოურ პრესაში სტატიები. ანუ, უკვე ხორციელდება მისი ავადმყოფობის ლობირება და პიარკამპანია. ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიოში, როდესაც პიარშიკები დაუქირავეს ავადმყოფობას. კონკრეტული პატიმარი, იმის გამო, რომ იყო საქართველოს პრეზიდენტი, დამნაშავე სააკაშვილი, სხვა პატიმრებთან შედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაშია და მის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ პროფესიონალი ექიმები. დანარჩენი ყველაფერი არის სასამართლოს გადასაწყვეტი, ჩვენ მის კომპეტენციაში ვერ ჩავერევით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ერთი, სამართლებრივი მხარე არის მეორე და ყველას ვთხოვ, რომ ამ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცნენ და ნუ ითხოვენ ისეთ რამეს, რაც კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში