უკრაინისადმი სამხედრო დახმარებაზე მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ გავაკეთებთ, ამ ომში, როგორც სახელმწიფო, არასდროს ჩავერთვებით - პრემიერი

07 დეკემბერი 2022, 17:20 471 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომში არასდროს ჩაერთვება.

მისივე თქმით, უკრაინისადმი სამხედრო დახმარების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უცვლელია.

"სამხედრო დახმარებაზე ჩვენ ნათლად და მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ ამ ომში, კონფლიქტში, როგორც სახელმწიფო, არასდროს ჩავერთვებით. ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ხალხის წინაშე“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინის ფოსტის მონაცემების მიხედვით, საქართველო 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე იყო, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას.

„იცით, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ეს საშინელი ომი დაიწყო, ხალხი, ერი გავერთიანდით, საზოგადოება გაერთიანდა მთავრობასთან ერთად და 1 000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ. უკრაინის ფოსტის მონაცემების მიხედვით, 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე ვიყავით, ვინც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას. იცით, რომ მანამდე, ჩვენ ასევე დავეხმარეთ საქართველოში უკრაინელ დევნილებს, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ მათ და ახლაც გრძელდება ეს დახმარება. მაგალითად, როგორიცაა უკრაინულ ენაზე განათლება. უკრაინელი ბავშვები იღებენ განათლებას უკრაინულ სკოლებში, რომლებიც ჩვენ გავხსენით. რაც შეეხება სხვა დამატებით დახმარებას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ, დახმარების საშუალებას გამოვნახავთ და რა თქმა უნდა, ამ დახმარებას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში