სააკაშვილის ღირსების უფლება არანაირი ფორმით არ დარღვეულა, ნახეთ, როგორ ეპყრობა მას სამედიცინო პერსონალი და როგორ ეპყრობა ის სამედიცინო პერსონალს - კობახიძე

15 დეკემბერი 2022, 15:30 620 ნახვა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ღირსების უფლება არანაირი ფორმით არ დარღვეულა.

"თქვენ ნახეთ ოროთახიანი პალატა, რომელშიც ის არის მოთავსებული. ნახეთ, როგორ ეპყრობა მას სამედიცინო პერსონალი და როგორ ეპყრობა ის სამედიცინო პერსონალს. ეს არის 2012 წლის შემდგომი მდგომარეობა. ეს გამოჩნდა ამ კადრებში. 2012 წლამდე ან საკანი რას გავდა, ან საავადმყოფოს პალატა რას გავდა, როგორ ეპყრობოდნენ ადამიანებს. ერთ-ერთი ყოფილი მინისტრი იხსენებდა, დრენაჟით გადაიყვანეს საავადმყოფოდან ციხეში და თქვენ მელაპარაკებით ადამიანის უფლებებზე.

 

ნახეთ, რა პირობებშია პატიმარი, როგორ ექცევა ის სამედიცნო პერსონალს და როგორ ექცევა მას სამედიცინო პერსონალი, რა უფლებებზე ლაპარაკობთ. თქვენ რომ ამბობთ ადამიანის უფლებების დარღვევას, ელემენტარულად შეაფასეთ, სად არის დარღვევა და სად არ არის დარღვევა. ამის შეფასების უფლება უნდა გქონდეთ. ჩემზე კარგად თქვენ არ იცით, რას ნიშნავს ღირსების უფლება. მიხეილ სააკაშვილის ღირსების უფლება არანაირი ფორმით არ დარღვეულა“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო ფეიკკამპანია, თითქოს სააკაშვილს ნელი სიკვდილით კლავდნენ, ამას სჭირდებოდა პასუხი და მოუწია იუსტიციის სამინისტროს პასუხის გაცემა.

„ჯერ იყო ფეიკამპანია ე.წ. წამებასთან დაკავშირებით, მაშინ იუსტიციის სამინისტროს მოუწია კადრების გამოქვეყნება, მაშინაც იყო ეს არაერთგვაროვანი გამოხმაურებები, მაგრამ მაშინ რეალურად იყო ცალმხრივი ფეიკკამპანია და კადრებმა ყველაფერს ნათელი მოფინა. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომელიც ე.წ. წამებას უკავშირდებოდა. მეორე იყო ფეიკკამპანია შიმშილობასთან დაკავშირებით. მაშინაც იყო ცალმხრივი კამპანია ფეიკზე აგებული, მაშინაც მოუწია იუსტიციის სამინისტროს კადრების გამოქვეყნება, სადაც ჩანდა, რომ სინამდვილეში სააკაშვილი არ შიმშილობდა. მერე წამოვიდა მესამე ფეიკკამპანია, რაც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილის ნელ სიკვდილს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე აანონსებს, ამასაც სჭირდებოდა პასუხი და აქაც მოუწია იუსტიციის სამინისტროს პასუხის გაცემა. სამართლებრივად ყველაფერი არის სათანადოდ წელში გამართული.

მეორე, რაც შეეხება პატიმარ სააკაშვილს, მასზე საუბარს დღესაც არ ვაპირებ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვინ იყო არა პატიმარი, არამედ ხელისუფალი სააკაშვილი. ეს იყო ადამიანი, რომელმაც რუსეთის მესამე პრეზიდენტს ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი, რომელმაც რამდენიმე ასეული ადამიანი შეიწირა მარტო ციხეებში და ბევრად მეტი ციხეებს გარეთ, რომელიც ატერორებდა ბიზნესებს, აყაჩაღებდა ადამიანებს, ეს არის რეალობა, ეს არის საერთო სურათი. დანარჩენი არის უწყებების, სამართლებრივი პრინციპების საქმე და ადამიანის უფლებების საქმე, რაც საქართველოში 2012 წლის შემდეგ არის სათანადოდ დაცული.

მილიონი განცხადება გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ, თუმცა გრძელდებოდა მაინც ფეიკკამპანია, რომ 400 დღე კვდება ეს კაცი. შეგახსენებთ, რომ პირველ ოქტომბერს შევიდა ციხეში მიხეილ სააკაშვილი თავის ფეხით და მაშინვე დაიწყო შიმშილობა, მაშინ „ნაცმოძრაობა“, „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობა მას პირდაპირ მოუწოდებდა თვითდაზიანებისკენ. ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა გარკვეულ ქმედებებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საერთო სურათი ნახა საზოგადოებამ და თავად განსჯის, იქ იყო თუ არა სიმულაცია, როგორია ფიზიკური მდგომარეობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში