2022 წელს ქვეყანამ დაამტკიცა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს შესწევთ უნარი ეფექტურად გაუმკლავდნენ გამოწვევებს - ილია დარჩიაშვილი

26 დეკემბერი 2022, 11:29 624 ნახვა

2022 წელს ქვეყანამ დაამტკიცა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს შესწევთ უნარი ეფექტურად გაუმკლავდნენ გამოწვევებს, რაც მდგრადი და წარმატებული სახელმწიფოს ნიშანია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩების კონფერენცია 2022-ის გახსნაზე განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ქართულმა დიპლომატიამ გამოიჩინა წარმოუდგენლად მაღალი პროფესიონალიზმი.

"2022 წელს მსოფლიო დადგა ფუნდამენტალურად ახალი რეალობის წინაშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ალბათ მიზანშეწონილია ჩვენ თავს დავისვათ კითხვა, თუ რამდენად შევძელით ჩვენ განვლილი ერთი წლის გადმოსახედიდან სწრაფად და რადიკალურად შეცვლილ გარემოსთან ადაპტირება, ისე რომ კიდევ უფრო გაგვეაქტიურებინა ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისკენ სწრაფვა.

 

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ასეთ პირობებშიც კი ქართულმა დიპლომატიამ გამოიჩინა წარმოუდგენლად მაღალი პროფესიონალიზმი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ წარმატებაში დიდი როლი შეასრულა ხელისუფლების სხვადასხვა შტოებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებულმა ქმედებებმა, ასევე მმართველი გუნდის საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანმიმდევრულმა საგარეო პოლიტიკურმა ნაბიჯებმა. ამ კუთხით განსაკუთრებით გამოვყოფ ბატონი პრემიერ-მინისტრის როლს, რომელიც ამ რთულ პირობებში სამთავრობო გუნდმა წარმატებით შეძლო ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გარე საფრთხეებთან გამკლავება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2022 წელს ქვეყანამ დაამტკიცა, რომ მის სახელმწიფო ინსტიტუტებს შესწევთ უნარი, ეფექტურად გაუმკლავდნენ გამოწვევებს, რაც მდგრადი და წარმატებული სახელმწიფოს ნიშანია“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

თბილისში ელჩების კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებაზე შეიკრიბნენ საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეები შეაჯამებენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2022 წლის საქმიანობას და მიღწევებს, ასევე იმსჯელებენ 2023 წლის სამოქმედო გეგმაზე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში