პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა, ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე კი კონკურსი გამოაცხადა

27 დეკემბერი 2022, 20:09 711 ნახვა

პრეზიდენტმა ალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად 4 კანდიდატურა წარუდგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები წარედგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - რუსუდან ქურდიანისა და თამაზი ფოლადაშვილის კანდიდატურები.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის არცერთ კანდიდატს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მეშვიდე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი სამი დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან ცესკო-ს ასარჩევ წევრთა დარჩენილ რაოდენობაზე ორჯერ მეტ კანდიდატურას, აღნიშნული მოთხოვნის გათვალისწინებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარედგინა კონკურსში მონაწილე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები, ხოლო ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე – რუსუდან ქურდიანისა და თამაზ ფოლადაშვილის კანდიდატურები.

რაც შეეხება ცესკო-ს მეორე წევრის თანამდებობას, კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 აგვისტოს N 05/08/01 განკარგულებით ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე გამოცხადებულ კანდიდატთა შესარჩევ ხელახალ კონკურსში მონაწილეობდა სულ სამი კანდიდატი, რომელთაგან ორ კანდიდატს საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 22 დეკემბერს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან ცესკო-ს ასარჩევ წევრთა დარჩენილ რაოდენობაზე ორჯერ მეტი კანდიდატურა სახეზე არ არის, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 27 დეკემბრის N 27/12/03 განკარგულებით, ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე ცხადდება კონკურსი და იქმნება საკონკურსო კომისია.

„ზემოაღნიშნული პოზიციით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2023 წლის 10 იანვრის ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25 (საფოსტო ყუთის მეშვეობით) ან გააგზავნონ ელფოსტაზე – info@president.gov.ge.

ცესკო-ს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ ხუთი წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვე წარსადგენი საბუთების სრული ჩამონათვალს აქვეყნებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში