სააკაშვილის სასამართლო პროცესი

29 დეკემბერი 2022, 14:34 768 ნახვა

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი იკითხება. როგორც ამერიკელმა პროფესორმა სასამართლოს უთხრა, მან მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალები აღმოაჩინა. უცხოელი ექსპერტის განცხადებით, შეისწავლა სამედიცინო დოკუმენტები და ლაბორატორიული ტესტების შედეგები, ასევე თმების, ფრჩხილების და სისხლის ნიმუშები, რის საფუძველზეც, ის ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი მოწამლულია და მძიმე მეტალებით მოწამვლა აზიანებს ყველა ორგანოს ადამიანის სხეულში. როგორც მან სასამართლოს განუმარტა, აღნიშნული მეტალები არ შეიძლება იყოს რომელიმე სამედიცინო მეთოდის მკურნალობის გამო მოხვედრილი ორგანიზმში. ამერიკელმა პროფესორმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, სადაც შესაძლებელი იქნება მძიმე მეტალებთან და წამლებთან დაკავშირებული დეზინტოქსიკაცია. სასამართლო პროცესზე ამერიკელი ტოქსკოლოგი კალიფორნიიდან ონლაინ ერთვება. პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს ასევე ისაუბრებენ ვივამედის მედიკოსები და მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი. რაც შეეხება თავად ბრალდებულს, ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ესწრება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში