სოლიდარობის აქციები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად

04 იანვარი 2023, 14:25 573 ნახვა

საქართველოს ყველა დიდ ქალაქში დღეს მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართება. თბილისში მოქალაქეები მშვიდობის ხიდზე შეიკრიბებიან. აქციები ყველგან 18  საათზე დაიწყება.  იკრიბებიან ბათუმშიც ე.წ. თავისუფლების კვარტალში. 

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში'' ამბობენ, რომ აქცია მდუმარე იქნება, თუმცა მშვიდობის ხიდიდან გადმოფენენ ბანერებს და საკუთარ მოთხოვნებს ამ ფორმით გაახმოვანებენ, აქციას სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეუერთდებიან.  

''ნაციონალურ მოძრაობაში'' არსებული უთანხმოების გამო, აქცია სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება.  პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მხარდამჭერებთან ერთად დღეს, იგივე დროს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეიკრიბებიან. სოლიდარობის აქცია გაიმართება მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში. 

ცოტა ხნის წინ კი ჭორვილაში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა, დაპირისპირება იყო. ერთმანეთს აქციის მონაწილეები და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.  

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში