ანდრეი კასიანოვთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უსაფუძვლო განცხადებები ხელს არ უწყობს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს - საგარეო საქმეთა სამინისტრო

25 იანვარი 2023, 19:23 518 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ანდრეი კასიანოვთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა განმარტება მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქართველოდან უკრაინის მოქალაქეთა შესაძლო ევაკუაციას.

"2023 წლის 25 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრიი კასიანოვი ახსნა-განმარტებებისთვის გამოიძახეს.

უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა განმარტება მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქართველოდან უკრაინის მოქალაქეთა შესაძლო ევაკუაციას. მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე გამოხატა შეშფოთება აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უსაფუძვლოა და აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ოფიციალური კიევის პოზიციას, რომელიც მადლიერია საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარებისთვის, რაც კიდევ ერთხელ დაუდასტურეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს უკრაინაში საქართველოს ელჩს და აღნიშნეს რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის.

როგორც უკრაინის დროებით რწმუნებულთან შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი ტიპის უსაფუძვლო განცხადებები ხელს არ უწყობს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს. გამოითქვა იმედი რომ მხარეები მიმართავენ ძალისხმევას ურთიერთობის შემდგომი განვითარებისკენ." ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში