მოსამართლემ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა სასამართლოში იუსტიციის მინისტრის დაკითხვასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა

03 თებერვალი 2023, 13:34 692 ნახვა

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე, მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვის თაობაზე.

შალვა ხაჭაპურიძემ რატი ბრეგაძის პროცესზე დაკითხვის შუამდგომლობა მის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს დაუკავშირა.

„საჯარო სივრცეში აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც ხელს უშლის მართლმსაჯულებას. ესენია „ემპათიის“ დასკვნაზე და სამხარაულის ექსპერტიზაზე ჩატარებული ბრიფინგი. განაცხადა, რომ სააკაშვილი განზრახ ეწევა თვითდაზიანებებს და ექიმებს არ ემორჩილება. ბრეგაძის განცხადებები ლეტალური შედეგისკენაა მიმართული. მოწვეული უნდა იყოს და მისცეს ჩვენება, რა მტკიცებულებებს ეყრდნობა, როცა აცხადებს, რომ სააკაშვილი ეწევა თვითდაზიანებას“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მოსამართლე გიორგი არევაძის განცახდებით, პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც გარკვეულ განცხადებებს აკეთებს პრესასთან, არ შეიძლება, კონკრეტულ შემთხვევაში იყოს მოწმე.

„მიმაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც აკეთებს გარკვეულ განცხადებებს პრესასთან, ის არ შეიძლება, კონკრეტულ შემთხვევაში იყოს მოწმე. მით უფრო, რომ ის არგუმენტები, რომლებიც ბატონმა ზურაბმა გააჟღერა, მათთვის უკვე ნოემბრის ბოლოს ცნობილი იყო“, – განაცხადა მოსამართლე გიორგი არევაძემ.

სააკაშვილის დაცვის მხარემ ყველა მოწმის დაკითხვის საკითხი მოხსნა და მხოლოდ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის, მალხაზ ურთქმელიძის დაკითხვა მოითხოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში