საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

10 თებერვალი 2023, 10:26 802 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც მისივე შეფასებით, უმნიშვნელოვანესია საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის.

"შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური და რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასა და იმ ქმედებებზე, რაც ძირს უთხრის წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში.

 

მინისტრის განცხადებით, აშშ-საქართველოს პარტნიორობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ქართველი სამხედროების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილება, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა.

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება. მისი განცხადებით, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა კიდევ უფრო აძლიერებს სამაგალითო პარტნიორობას და ხელს უწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას როგორც ქვეყანაში, ასევე შავი ზღვის ფართო რეგიონში.

 

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეც იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი. დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროშიც“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოგვიანებით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ვიზიტს სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოეხმაურა. მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს შეერთებული შტატების ვალდებულება, დაეხმაროს საქართველოს შეკავების და თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებაში.

"ვესაუბრე საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს. განვიხილეთ შეერთებული შტატების ვალდებულება,  დაეხმაროს საქართველოს შეკავების და თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებაში, ასევე საქართველოს მიმდინარე თავდაცვის რეფორმები, საქართველოს და სამხრეთ კავკასიის წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“, - წერს ოსტინი.

ამასთან, შეხვედრას აშშ-ის საელჩო ეხმაურება. როგორც საელჩოს ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

"თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქვაკუთხედია. თავდაცვის მდივანმა ოსტინმა გულთბილად უმასპინძლა მინისტრ ბურჭულაძეს პენტაგონში, სადაც ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, განიხილა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის ძალების ძალისხმევისადმი, განამტკიცოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობები. თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ ჩვენი ერთგული მხარდაჭერაც“, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში