გალიფ ოზთურქს ახალი ბრალი წაუყენეს

10 თებერვალი 2023, 20:28 791 ნახვა

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ახალი ბრალი წაუყენეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მილიონერ ბიზნესმენს, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოზთურქმა  2019 წლის დეკემბერში დაამზადა ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებები 10 მილიონ ლარად ღირებული კომპანიის თითქოსდა 42 მილიონ ლარად შესყიდვის თაობაზე, რის შემდეგაც იგივე ქონება გაზრდილ ფასში – 82 მილიონ ლარად გაასხვისა მისივე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ კომპანიაზე, საიდანაც უკანონოდ მიღებული 33 მილიონი ლარით შემდგომში დაფარა კომპანიის აქციების ღირებულება, რითაც შენიღბა და კანონიერი სახე მისცა მისივე კომპანიიდან მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალს. უწყების ცნობით, გალიფ ოზთურქს და მასთან დაკავშირებულ 15 კომპანიას ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხათ დაახლოებით 112 მილიონი ლარი, საიდანაც ძირითადი გადასახადი აღემატება 69 მილიონ ლარს. გალიფ ოზთურქი ამჟამად პატიმრობაშია, მას აქამდე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული  ნივთიერებების უკანონო შენახვას ედავებიან. დაკავებულს წინა 9 თვიანი საპატიმრო ვადა თებერვლის ბოლოს ეწურებოდა. როგორც მოგეხსენებათ, გალიფ ოზთურქი ბრალს არ აღიარებს. საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია რომ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე გალიფ ოზთურქმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამოქვეყნებულ  წერილში  მისი  საინვესტიციო პროექტების შეჩერებაში დაადანაშაულა.   

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში