საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის დაზიანება-განადგურებაზე ჯარიმები წესდება

10 თებერვალი 2023, 21:03 711 ნახვა

საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის დაზიანება-განადგურებაზე ჯარიმები წესდება.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ კოდექსში შედის.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ სპეციალური მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

იმავე ქმედების განმეორება კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღემდე ვადით.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო ქონების დაზიანება ან განადგურება პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება. თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს არ აღემატება, პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

“გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე სახელმწიფოს ქონებას. შესაბამისად, ვანდალიზმის ისეთი შემთხვევა, როგორიცაა საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის განზრახ დაზიანება ან განადგურება, რასაც ზემოაღნიშნული ოდენობის ზიანი არ გამოუწვევია, სათანადო რეაგირების გარეშე რჩება“, - აცხადებენ ინიციატივის ავტორები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში