მოვუწოდებ მთავრობას, ქვეყნის საკეთილდღეოდ, სასწრაფოდ გადადგით გონივრული ნაბიჯები- ლევან ხაბეიშვილი

15 თებერვალი 2023, 22:12 600 ნახვა

ევროპარლამენტის რეზოლუციას  სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა ,,ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი,ის მთვრობას მოუწოდებს, სასწრაფოდ დაიწყოს რეზოლუციის შესრულება.

ხაბეიშვილი განმარტავს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესრულება არის ახლა გამოსავალი, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა შევა ჩიხში.

„ჩემი ძვირფასებო, ქართველებო, ჩვენმა პარტნიორებმა და მეგობრებმა, ღია და მკაფიო გზავნილი გამოუგზავნეს საქართველოს. მათ ჩვენ მთავრობას მოუწოდეს, გააუქმონ სიკვდილით დასჯა და სადიზმი. შესაბამისად, რეზოლუციის ტექსტში ჩაწერეს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სასწრაფოდ იქნეს გათავისუფლებული და გადაყვანილი სამკურნალოდ, მკაფიოდ, სიტყვა-სიტყვით. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ასეთ რეზოლუციაში პირდაპირ შავით თეთრზე წერენ, რომ ადამიანი არის მძევალი, პოლიტიკური პატიმარი და სასწრაფოს უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება. რუსულმა ოცნებამ არ დატოვა ევროპაში არცერთი მეგობარი, უპრეცედენტოდ მაღალმა რაოდენობამ, 577 ევროპარლამენტარმა მისცა ხმა რეზოლუციას. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსულ ოცნებას არათუ მეგობარი, დამლაპარაკებელიც კი აღარ დარჩა ევროპაში, რაც სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის.

ასევე, ამ რეზოლუციაში შავით თეთრზე წერია, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ, წერია, რომ დაევალა ევროკომისიას იმუშაოს სასწრაფოდ მის პირად სანქცირებაზე. ბატონო ბიძინა, თამაში დასრულებულია. უმძიმეს რეალობაში იმყოფებით, უმძიმეს რეალობაშია, რუსული ოცნება და ჩვენდა სამწუხაროდ, უმძიმეს მდგომარეობაში აყენებთ ჩვენ ქვეყანას. შესაბამისად, სასწრაფოდ მოგიწოდებთ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესრულებისკენ, რადგან ჩვენი შვილების მომავალს პარტიული კუთვნილებებისა და პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის 80%-ს უნდა ევროკავშირში, რადგან ქვეყანაში იყოს ეკონომიკური დოვლათი, თავისუფლება, დემოკრატია, უსაფრთხოება და ჩვენი ქვეყანა იყოს ტერიტორიულად მთლიანი. უკრაინა როდესაც გაიმარჯვებს ამ ომში, ჩვენი იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა უნდა დაბრუნდეს თავის სახლებსა და ოჯახებში. დიახ, ეს არის ისტორიული შანსი, როცა უკრაინის გამარჯვების პარალელურად ჩვენი მეგობარი ევროპელები გვეუბნებიან, რომ გახდით ევროპული ოჯახის წევრი. გახდეს საქართველო ერთიანი, ქვეყნის მოსახლეობა არ გარბოდეს ემიგრაციაში.

უპრეცენდენტო რამ წერია რეზოლუციაში და არ არსებობს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ევროპული რეზოლუცია, სადაც საუბარია ქართველ მოღალატეზე, ქვეყნის ღალატზე, რომელიც ხელს უშლის ჩვენს სახელმწიფოს ევროპულ მომავალს და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ისტორია უკვე დაწერილია, რეზოლუცია მიღებულია და, შესაბამისად, არჩევანი არის ქართველ ხალხზე. რეზოლუციაში ზუსტად წერია, რომ ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის მისამართით ახორციელებს ვენდეტას და შესაბამისად, ის ასრულებს კრემლის, პუტინის დავალებას. მოვუწოდებ მთავრობას, ქვეყნის საკეთილდღეოდ, სასწრაფოდ გადადგით გონივრული ნაბიჯები და თუ თქვენ ამას არ აკეთებთ, მე მინდა დავპირდე ქართველ ხალხს და მოგიწოდოთ ყველას, ჩემო ძვირფასებო, შეუდრეკლებო, მებრძოლო პატრიოტო ქართველებო, ჩვენი ქვეყანა არის ჩვენი საბრძოლი. ჩვენ, თანამებრძოლებთან ერთად, ვიბრძოლებთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ჩვენი ევროპული მომავლისთვის. პროტესტი, რაც დაწყებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაგრძელდება ყველგან და საბოლოო ჯამში, ჩვენი ევროპული მომავლისთვის მოიყრის დედაქალაქში. ბატონო ბიძინა, თქვენ და თქვენი რუსული ოცნებაც ხართ ჩიხში. ახლა ერთადერთი გამოსავალი ამ ჩიხიდან არის ამ რეზოლუციის შესრულება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში