ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი გადაიდო

20 თებერვალი 2023, 16:08 826 ნახვა

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი 22 თებერვალს გადაიდო.

პროკურატურა ბადრი ესებუასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. აღნიშნული შუამდგომლობა პროკურორმა მირანდა წერეთელმა სასამართლო პროცესზე დააყენა. უწყება ითხოვს ბადრი ესებუას "სუნის და ხმის ნიმუშის აღებას", რომ "საქართველოს ბანკში" ამოღებულ ნიმუშებს  შეადარონ. აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და სხდომა დაცვის მხარის შუამდგომლობის მიზეზით გადაიდო.

ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ პროკურატურის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ შუამდგომლობებზე პასუხის გასაცემად დრო და ბრალდებულთან კონსულტაციის გავლა ითხოვა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა ბადრი ესებუამ მხოლოდ ის განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სხდომა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 11:00 საათზე ჩატარდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში