იანვარში სავაჭრო ბრუნვა მილიარდ-ნახევარ დოლარამდე იყო - ლევან დავითაშვილი

20 თებერვალი 2023, 17:07 1108 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ტენდენციებზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, გასულ წელს არსებული დადებითი დინამიკა 2023 წლის იანვარშიც გაგრძელდა.

"2023 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ 259 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა დაახლოებით 12% იყო. შესაბამისად, იანვარში გაგრძელდა ის დადებითი ტენდენციები, რომლებიც სავაჭრო კუთხით 2022 წლის განმავლობაში გვქონდა. ასევე 2023 წლის იანვარში მთლიანი ექსპორტი 38.5%-ით გაიზარდა და თითქმის ნახევარი მილიარდი, უფრო ზუსტად კი 460 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - როგორც ადგილობრივი, ისე რეექსპორტის ჩათვლით. იანვარში ასევე იმპორტი გაიზარდა 25.2 პროცენტით და 1 002.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. შესაბამისად, იანვარში სავაჭრო ბრუნვა მილიარდ-ნახევარ დოლარამდე იყო, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის 30%-ით არის გაზრდილი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილი თქმით, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ექსპორტი გაიზარდა ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, ახლო სამეზობლო ქვეყნებთან. 2023 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტი მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე თურქეთში, ჩინეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

მინისტრის ინფორმაციით, ძირითადი კატეგორიები ტრადიციული საექსპორტო პროდუქტებია. ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს ჰაბის როლს ასრულებს და გარდა ადგილობრივი ექსპორტისა, აქედან ხდება ავტომობილების ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში - ეს მიმართულება საკმაოდ აქტიური იყო იანვრის თვეში.

"2023 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 104.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 68.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 14.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 50.8 მლნ. აშშ დოლარით (11.1 პროცენტი)“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში