2022 წლის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და 62%-ს აღემატება - ვახტანგ გომელაური

21 თებერვალი 2023, 16:36 768 ნახვა

პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, 2022 წლის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და 62%-ს აღემატება, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 12%-ით მეტია, – ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

„გასული წელი მსოფლიოსთვის რთული წელი იყო. უმთავრესი, რაც ჩვენმა ქვეყანამ შეძლო, არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ამასთანავე, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და სამთავრობო გეგმის მიხედვით გაწერილი სხვადასხვა რეფორმისა და პროექტის განხორციელება“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

რაც შეეხება დანაშაულის დინამიკას, ვახტანგ გომელაურის თქმით, 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა დაკლებულია.

„2022 წელს პოლიციამ კვლავ გააგრძელა დანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა და ამაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება როგორც პრევენციული ღონისძიებები, ასევე, სწრაფი რეაგირება მომხდარ დანაშაულზე, რაც სტატისტიკურ მონაცემებში აისახა. პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, 2022 წლის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და 62 %-ს აღემატება, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 12%-ით მაღალია. რაც შეეხება დანაშაულის დინამიკას, 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა დაკლებულია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა და ქურდობა.

მისივე განცხადებით, 2022 წელს დასრულდა კრიმინალური პოლიციის რეფორმის პირველი ეტაპი. სრულად გაიმიჯნა ოპერატიული, საგამოძიებო და პრევენციული მიმართულებები.

„საკანონმდებლო ცვლილებები უზრუნველყოფს გამოძიების პროცესში გამომძიებლის როლის გააქტიურებას და საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილებების დაბალანსებულ გადანაწილებას. გამომძიებელი პასუხისმგებელი იქნება გამოძიების დაწყებასა და მის ჩატარებაზე, ხოლო პროკურორი − სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე. აღნიშნული რეფორმის კონცეფცია შეფასებულია ვენეციის კომისიის მიერ. კომისიის რეკომენდაციები დიდწილად ასახულია ინიცირებულ პროექტში. პროექტი წარდგენილია პარლამენტში, დაწყებულია მისი საკანონმდებლო განხილვის პროცედურები. იმედი გვაქვს, რომ ამ პროცედურების შემდეგ, ცვლილებები ეფექტიანად დაინერგება და ამოქმედდება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, რეფორმა გრძელდება და მართლწესრიგის ოფიცრები ეტაპობრივად საქართველოს ყველა დიდ ქალაქში დაიწყებენ მუშაობას.

"2022 წელს, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტმა თბილისის ყველა რაიონი მოიცვა. თბილისის შემდეგ, რუსთავი გახდა პირველი ქალაქი, სადაც მართლწესრიგის ოფიცრები უკვე შეუდგნენ საქმიანობას. რეფორმა გრძელდება და მართლწესრიგის ოფიცრები ეტაპობრივად საქართველოს ყველა დიდ ქალაქში დაიწყებენ მუშაობას“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, გასულ წელს პოლიციამ 202 ნარკორეალიზატორი დააკავა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი ციფრია. ასევე დაკავებულია ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 62 პირი, დაიხურა 12 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში