პარლამენტის კომიტეტების ბოიკოტს რეგლამენტი არ ითვალისწინებს, შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობა“ არაფერს წყვეტს - პაპუაშვილი

23 თებერვალი 2023, 12:53 2394 ნახვა

მინდა შევახსენო, რომ თუ ისინი კომიტეტებზე სიარულს აპირებენ, კომიტეტების მიმართ ბოიკოტი არ არსებობს, ამიტომ ასეთი ინსტრუმენტი ჩვენს რეგლამენტში არ არის და ერთადერთი ბოიკოტი შეუძლიათ გამოუცხადონ პლენარულ სხდომებს, - ამ კომენტარით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტს გამოეხმაურა. 

"ბოიკოტზე თავადაც უჭირთ კომენტარის გაკეთება. უკვე არასერიოზული გახდა ეს საკითხი. მინდა, შეგახსენოთ, კომიტეტების მიმართ ბოიკოტი არ არსებობს, ასეთი ინსტრუმენტი ჩვენს რეგლამენტში არ არის. ბოიკოტი შეუძლიათ, გამოუცხადონ პლენარულ სხდომებს. კომიტეტების სხდომებზე ბოიკოტის პროცესში არც იყვნენ, აქედან გამომდინარე, არაფერს წყვეტენ. დისკუსია მნიშვნელოვანია, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ თუ ფიქრობს, რომ ჩაერთოს ამ პროცესში, ეს მხოლოდ კარგია და მივესალმები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ „უცხოური გავლენების შესახებ“ "ხალხის ძალის“ კანონპროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, რა ფინანსური რესურსები და წყაროები აქვთ მათ, ვინც მონაწილეობას იღებს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში.

"ბოლო დღეებში ვნახეთ, რომ ადამიანები, ისე, რომ კანონპროექტს არც გაცნობიან, სტიგმატიზებას ახდენდნენ ამ პროექტის და იმ ადამიანების ვინც დააინიცირა. ოპონენტები ყურადღებას ვერ აქცევენ იმას, რომ სწორედ თავად არიან, ვინც დემოკრატიული დისკუსიის სტიგმატიზებას ახდენენ. ყველაფერს, რაც მათ არ მოსწონთ რუსულად ნათლავენ და ამით ყოველგვარ დემოკრატიულ დისკუსიას კეტავენ. არადემოკრატიულობაა, როდესაც ნაცვლად არგუმენტებისა და დისკუსიაში გამოცდილებაზე საუბრისა, სტიგმატიზება ხდება, რომ რუსულია და რადგან რუსულია, ცუდია.

 

ეს მარტივი პროპაგანდისტული ინსტრუმენტია, რომელიც ხშირად გამოიყენება. მაგრამ საზოგადოების სიძლიერეს და დემოკრატიული დისკუსიის სიძლიერეს აჩვენებს ის, რომ თუ სხვა დროს ასეთი სტიგმატიზება დიდი პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა, ვნახეთ, რომ ახლა რამდენიმე დღეში გაირკვა ყველაფერი და ამ სტიგმატიზების შესაძლებლობა არავინ არავის მისცა. ვხედავთ, რომ დისკუსიაა იმის თაობაზე, სადაური სისტემა არის ან არ არის და რომელ გამოცდილებას ეყრდნობა. საზოგადოება გაერკვა, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც უსაფრთხოების რისკებიდან და გამჭვირვალობის ინტერესებიდან გამომდინარე ამ სფეროს აწესრიგებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ხვალ დაგეგმილ აქციას და განაცხადა, რომ ამ აქციის ორგანიზატორები თავად არ იმყოფებვიან საქართველოში.

"რაც შეეხება ხვალინდელ აქციას, ამ აქციის ორგანიზატორები, რამდენადაც  ვხვდები, საქართველოში არ არიან. მათ შორის, ვიცი, რომ რამდენიმე დეპუტატი მივლინებაში გაემგზავრა ქვეყნის მიღმა. ეს თავისთავად აჩვენებს, რამდენად სერიოზულად უყურებენ ისინი ქართველ ხალხს, რომელსაც მოუწოდებენ აქციაზე მისვლისკენ და თავად ორგანიზატორები არ არიან საქართველოში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში