ქართულ, ან ამერიკულ კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ, მანამდე დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას - კობახიძე "ხალხის ძალის" კანონპროექტზე

27 თებერვალი 2023, 13:03 642 ნახვა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებული ორივე ვარიანტი პირველი მოსმენით იქნება მიღებული და შემდეგ დოკუმენტები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

"გვქონდა მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც გახმოვანდა კოლეგების მხრიდან. ორივე კანონპროექტს დავუჭერთ მხარს პირველი მოსმენით, უახლოეს დღეებში შედგება საკომიტეტო მოსმენები, ამის შემდეგ შედგება პლენარული სხდომა. პირველი მოსმენით იქნება მიღებული როგორც  ერთი, ასევე მეორე კანონპროექტი. ანუ, ქართული ვერსიაც და ამერიკული ვერსიაც. ამის შემდეგ ორივე დოკუმენტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ჩვენ ვითხოვთ დაჩქარებული წესით დასკვნის წარმოდგენას, არსებობს ასეთი პროცედურა. ამის შემდეგ, უკვე სესიის ბოლომდე დასრულდება კანონპროექტის შესაბამისი ვერსიის მიღება.

 

თუ იქნება დადებითი დასკვნა ამერიკულ ვარიანტთან დაკავშირებით, გაგრძელდება ამერიკული ვარიანტის განხილვა, თუ იქნება დადებითი დასკვნა ქართულ ვარიანტთან დაკავშირებით, გაგრძელდება ქართულის განხილვა. ყველა შემთხვევაში დასკვნა იქნება წარმოდგენილი კანონპროექტის დეტალებთან დაკავშირებით. ვერავინ იტყვის, რომ გამჭვირვალობა არ ვარგა. შეიძლება იყოს ცალკეული კომენტარები ერთ ან მეორე, ან ორივე კანონთან დაკავშირებით, ამ კომენტარებზე გვექნება მსჯელობა, მაგრამ, რა თქმა უნდა, აპრიორი გამორიცხულია, რომ ერთზე ან მეორეზე, ან ორივეზე იყოს წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნა. შეიძლება მხოლოდ დეტალებზე იყოს წარმოდგენილი გარკვეული შენიშვნები ან რეკომენდაციები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთ ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ, მანამდე დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას,'' - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტს კანდიდატის სტატუსთან არავითარი კავშირი არ აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო - დადგენილია მხოლოდ გამჭვირვალობის სტანდარტი.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კანდიდატის სტატუსთან სინამდვილეში არავითარი კავშირი არ აქვს, ერთი მარტივი მიზეზის გამო - დადგენილია მხოლოდ გამჭვირვალობის სტანდარტი, მეტი არაფერი. ბუნებრივია, ამ კანონპროექტს ვერავითარი გავლენა ვერ ექნება კანდიდატის სტატუსთან. პირველ შემთხვევაში იმიტომ, რომ მხოლოდ გამჭვირვალობაა დადგენილი, მეორე შემთხვევაში იმიტომ, რომ ამერიკულია პირდაპირ დაკოპირებული. როგორ შეიძლება ამერიკული კანონის მიღების გამო არ მოგანიჭოს კანდიდატის სტატუსი. მით უმეტეს, რომ EPP აინიცირებს ახლა ამერიკულის ანალოგიურ კანონპროექტს ევროპარლამენტში“, - განაცხადა კობახიძემ.

კანონპროექტი "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში