პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მარტივი დისკუსია არ იყო - ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ინიციატივა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება -პაველ ჰერჩინსკი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

01 მარტი 2023, 18:55 676 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარესთან მარტივი დისკუსია არ გვქონდა. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთა გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და თავისუფალი მედია დემოკრატიის ხერხემალია.

„ჩვენ ახლახან დავასრულეთ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მე აქ ვიმყოფებოდი თბილისში მყოფი ევროკავშირის ყველა ელჩის თანხლებით. პარლამენტის თავმჯდომარემ მოგვიწვია, რათა განგვეხილა უცხოური აგენტების კანონის შემოღების ინიციატივა. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეხედულებები. ეს შეხედულებები გამოვთქვი არა მხოლოდ მე, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენელმა, არამედ თბილისში მცხოვრებ ევროკავშირის სხვა ელჩებთან ერთად. ჩვენ გვქონდა ძალიან გულწრფელი, ღია აზრთა გაცვლა სპიკერთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორ თავმჯდომარესთან. დეტალებში რომ ჩავუღრმავდეთ, ეს არ იყო იოლი განხილვა. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს ინიციატივა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება. კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება სულ მცირე, ორს იმ 12 პუნქტიდან, რომელიც საქართველოს შარშან, ივნისში გადაეცა. პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მოვისმინეთ არგუმენტები საქართველოში ასეთი კანონის არსებობის აუცილებლობის შესახებ. განხილვა გაგრძელდება. როგორც მივხვდი, ეს კანონპროექტიც კი არ არის, ეს მხოლოდ ინიციატივაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რას მოიცავს ეს ინიციატივა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ინიციატივა კანონად არ გადაიქცევა.

ეს იყო პირველი შეხვედრა ამ თემაზე. ორივე მხარემ საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინა. ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი აზრი და მოვისმინეთ თავმჯდომარის მოსაზრება და საუბარი აუცილებლად გაგრძელდება. მე არ ვიღებ კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას. ვისურვებდი, რომ ასე ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ არის. 27 წევრი სახელმწიფოები, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე იმსჯელებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას. ასე რომ, სამწუხაროდ, მე ვერ ვუპასუხებ კითხვას, თუ აისახება ეს ინიციატივა და როგორ აისახება ევროკავშირის ლიდერების საბოლოო გადაწყვეტილებაზე. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ინიციატივა არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს. ეს არის ზუსტად ის გზავნილი, რომელიც ჩვენ ერთობლივად გადავეცით პარლამენტის თავმჯდომარეს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში