მიმდინარე წლის თებერვალში უკანონო ტყითსარგებლობის 305 ფაქტი გამოვლინდა - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

07 მარტი 2023, 12:05 734 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 305 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, 258 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 47 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 118 ფაქტი გამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. ამასთანავე, იანვრის თვეში გამოვლენილ სამართალდარღვევებზე, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, დამატებით 70 ოქმი შედგა. ქვემო ქართლში დაფიქსირდა 44 სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 30, იმერეთში - 25, სამცხე-ჯავახეთში - 16, შიდა ქართლში - 8, აჭარაში - 7, მცხეთა-მთიანეთში - 6, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 2 და გურიაშიც 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 274 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 45 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 2 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში