თუ სახელმწიფოს არ დავიცავთ ჯაშუშების გეგმებისგან, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, არამედ სუვერენიტეტსაც დავკარგავთ - ირაკლი კობახიძე

08 მარტი 2023, 11:46 608 ნახვა

თუ სახელმწიფოს არ დავიცავთ ჯაშუშების გეგმებისგან, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, არამედ სუვერენიტეტსაც დავკარგავთ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს გაამრთულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს გზა არის  წინ ქრისტიანობით ევროპისკენ, წინ სუვერენიტეტით ევროპისკენ, წინ ღირსებით ევროპისკენ.

„ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან. თუ ჩვენ სახელმწიფოს არ დავიცავთ ჯაშუშების გეგმებისგან, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, არამედ სუვერენიტეტსაც დავკარგავთ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ცალ ფეხზე სიარულით ევროკავშირში ვერასოდეს შევალთ. როდესაც ხელისუფლების მიერ ევროპული ინსტიტუტების პატივისცემაზეა საუბარი, გვინდა, შეგახსენოთ, რომ დაპირებისამებრ, ჩვენ უკვე გავაგზავნეთ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად და შესაბამისად, მისი განხილვა მხოლოდ რამდენიმე თვეში, ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღების შემდეგ გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უსაფუძვლოა წუხილი, რომელიც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას უკავშირდება.

„აქედან ჩანს, თუ სინამდვილეში რამდენად უსაფუძვლოა წუხილი, რომელიც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას უკავშირდება. საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს და 90 პროცენტზე მეტი ნდობას უცხადებს მართლმადიდებელ ეკლესიას. აქედან ცხადად ჩანს, რომ ეკლესიის მაგინებლები ვერასოდეს შეიყვანენ საქართველოს ევროკავშირში. ჩვენ ვივლით წინ ქრისტიანობით ევროპისკენ, ჩვენ ვივლით წინ სუვერენიტეტით ევროპისკენ, ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, ელოდებიან ვენეციის კომისიიდან დასკვნას და ამის შესაბამისად გააგრძელებენ მოქმედებას.

„ჩვენ სიმართლეს გავიტანთ და ამას გავაკეთებთ საზოგადოების ინტერესებისათვის. რა არის ცუდი განვითარება? ცუდი განვითარება არის ბაკურიანის შეკრების დაფინანსება, „სირცხვილიას“, „დროას“ და სხვა ექსტრემისტების დაფინანსება და მხარდაჭერა. ამ კანონპროექტის მიღების შედეგად, ეს ყველაფერი გახდება გამჭვირვალე. საბოლოო ჯამში ის ძალები, რომლებიც აფინანსებდნენ საქართველოში რადიკალიზმსა და პოლარიზაციას, მომავალში თავს შეიკავებენ ასეთი ქმედებების დაფინანსებისგან. ეს იქნება ამ კანონის შედეგი, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან. ეს არის - ამ კანონპროექტის დაკავშირება კანდიდატის სტატუსთან არის ცარიელი სპეკულაცია ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატეთ ევროპული ინსტიტუტების მიმართ იმით, რომ გავაგზავნეთ ეს პროექტი ვენეციის კომისიაში.

ველოდებით ვენეციის კომისიიდან დასკვნას და ამის შესაბამისად გავაგრძელებთ მოქმედებას - საზოგადოებას იმაშიც კი ატყუებდნენ, რომ ეს კანონი უკვე მიღებულია. გუშინ საზოგადოების 90%-მა იცოდა ტყუილი, რომ თითქოს პარლამენტმა დაასრულა ამ კანონის მიღება. კანდიდატის სტატუსთან ამ საკითხის დაკავშირება არის წმინდა წყლის სპეკულაცია“, - განაცხადა კობახიძემ.

 ირაკლი კობახიძე ვიოლა ფონ კრამონის განცხადებასაც გამოეხმაურა.

„რაც შეეხება მაიდანთან შედარებას, პირველ რიგში, გეტყვით, რომ ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი. ეს ერთი და მეორე რაც შეეხება მაიდანს ზოგადად, რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას - მეორე წელსვე ჰქონდა უკრაინას ომი, რა დროსაც დაკარგეს ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი, ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რაც დღეს არის უკრაინაში. მთლიანობაში ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი დაკარგა უკრაინამ. ეს არის სწორედ იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს, რასაც მხარს უჭერს ვიოლა ფონ კრამონი.

 

ჩვენ ვიმოქმედებთ, არა რადიკალების დღის წესრიგით, ვიოლა ფონ კრამონის დღის წესრიგით, არამედ ქართული საზოგადოების ინტერესების შესაბამისად. ჩვენ რა თქმა უნდა, ჯაშუშების ახალ რევოლუციას არ დავუშვებთ, რამაც გავიხსენებ კიდევ ერთხელ რა მოუტანა სახელმწიფოს 2004 -2012 წლებში, 20 პროცენტი დავკარგეთ მაშინ იმის შედეგად, რაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, ადამიანებს აწამებდნენ, ყველა მედიასაშუალება მიიტაცეს, ბიზნესის ტოტალური რეკეტი იყო, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ უნდა დაუშვას ქართულმა საზოგადოებამ, ეს ასეც იქნება, ჩვენ ვართ სახელმწიფო, ეს არის გამოცდილი საზოგადოება და ჯაშუშების ხელისუფლებაში მობრუნებას არ დაუშვებს”, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს გუშინდელი მოთმინებისთვის და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით მოქმედებისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში