ამ მომენტიდან ვაჩერებთ ყველანაირ განხილვას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, სანამ არ მოგვივა კონკრეტული, ექსპერტული არგუმენტებით შევსებული დასკვნა ვენეციის კომისიიდან - გივი მიქანაძე

08 მარტი 2023, 18:59 614 ნახვა

ამ მომენტიდან ვაჩერებთ ყველანაირ განხილვას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, სანამ არ მოგვივა კონკრეტული, ექსპერტული არგუმენტებით შევსებული დასკვნა ვენეციის კომისიიდან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ  განაცხადა.

„ავიღოთ ბოლო ერთი კვირის მიმდინარე მოვლენები, სადაც საკომიტეტო მოსმენების ფორმატში ეს კანონპროექტები განვიხილეთ, თუნდაც გუშინ, როდესაც პლენარულ სესიაზე მოხდა ამ კანონპროექტის განხილვა პირველი მოსმენით. ჩვენ დღემდე არც ჩვენი ოპონენტებისგან, არც ნებისმიერი დაინტერესებული მხარისგან, ვინც ამ პროცესებში ჩართული იყო და მონაწილეობდა განხილვებში, ერთი კვირის განმავლობაში, არც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან არ მოგვისმენია კონკრეტული არგუმენტი იმის თაობაზე, თუ რატომ არ არის ეს თავსებადი იმ პრინციპებთან, რომელზეც არის აქცენტი გაკეთებული. განცხადების უკან, რაიმე კონკრეტული არგუმენტი ჩვენ დღემდე ვერ დავინახეთ. როგორ შეუქმნის მედიის, ან სიტყვის გამოხატვის, ან ამ ორგანიზაციების თავისუფლებას პრობლემას ეს კანონპროექტი ოდესღაც კანონად რომ იქცევა, როდესაც მასში არანაირი შემზღუდველი მექანიზმი არ არის ჩადებული და წერია მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ კონკრეტულმა ორგანიზაციამ უნდა გაიაროს რეგისტრაცია რეესტრში და წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნოს თავისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. სად არის აქ შეზღუდვა?! ზუსტად იმისთვის, რომ რაიმე შეცდომა არ იყოს დაშვებული, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც თავიდანვე გაცხადდა მმართველი გუნდის ხელმძღვანელობის მხრიდან და კანონპროექტი გაგზავნილია პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური წერილით ვენეციის კომისიაში, რადგან ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ და ვითვალისწინებთ ამ მაღალი ავტორიტეტის მქონე ევროსაბჭოს სტრუქტურული ერთეულის მოსაზრებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ამ მომენტიდან დაწყებული ჩვენ ვაჩერებთ ყველანაირ განხილვას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, სანამ არ მოგვივა კონკრეტული, ექსპერტული არგუმენტებით შევსებული დასკვნა მათგან და რა თქმა უნდა, როცა ეს დასკვნა მოვა ჩვენ დეტალურად გავეცნობით და გავითვალისწინებთ ამას, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია ამ არგუმენტებზე ორიენტირი“,- განაცხადა მიქანაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში