გვინდა, ვუთხრათ „ქართულ ოცნებას“, რომ ბრძოლა ახლა იწყება, საზოგადოებაში, ახალგაზრდებში ბრაზი ძალიან დიდია - „ლელო“

08 მარტი 2023, 19:49 668 ნახვა

„ქართულმა ოცნებამ“ უღალატა ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, გავიდა კონსტიტუციური  ჩარჩოდან, დაარღვია კონსტიტიციის 78-ე მუხლი, სასტიკად დაარბია მშვიდობიანი აქცია, „ქართულ ოცნებას“ სურდა კანონპროექტზე, რომელიც საზოგადოებაში დიდ ვნებათაღელვას იწვევდა, სწრაფად ეყარა კენჭი და ამით გაანეიტრალებინა პროტესტი, მოხდა პირიქით, – ამის შესახებ „ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც „ლელოს“ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უნდა შეიქმნას სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების სპეციალური ჯგუფი, რომელიც დასავლელ პარტნიორებთან კანონის მხარდამჭერების სანქცირების საკითხზე იმუშავებს.

„ლელო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე და გუშინდელ აქციაზე დაკავებული სხვა პირები.

„გვინდა, ვუთხრათ „ქართულ ოცნებას“, რომ ბრძოლა ახლა იწყება და ამ ბრძოლას ჰქვია საქართველოს გათავისუფლებისათვის ბრძოლა. საზოგადოებაში, ახალგაზრდებში ბრაზი ძალიან დიდია. ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეცვლის საქართველოს ისტორიულ არჩევანს. შექმნილ კრიზისულ ვითარებაში მხარს ვუჭერთ საზოგადოების მოთხოვნას, მმართველმა უმრავლესობამ დაუყოვნებლივ გაიწვიოს უკან პირველი მოსმენით მიღებული კანონი; მოვუწოდებთ ხელისუფლებას: დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე და გუშინდელ აქციაზე დაკავებული სხვა პირები; მივმართავთ სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციურ ჯგუფებს, მედიას, გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა: მოხდეს იმ 78 დეპუტატის მხილება, ვინც ხმა მისცა რუსულ კანონს. მოხდეს კანონის მხარდამჭერი დეპუტატების სანქცირება. შეიქმნას სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების სპეციალური ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დასავლელ პარტნიორებთან კანონის მხარდამჭერების სანქცირების საკითხზე. ბრძოლა გაგრძელდეს კონსტიტუციის ფარგლებში, მასიური და უწყვეტი ფორმით, ეს ბრძოლის გრძელვადიანი პროცესია. ახლა ერთიანობის დროა, ერთად ვიბრძოლოთ საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში