ე.წ. აგენტების შესახებ პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გავიტანთ და კენჭისყრაზე ჩავარდება - მდინარაძე

09 მარტი 2023, 15:12 819 ნახვა

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა, მამუკა მდინარაძემ სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მათ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებული ორივე კანონპროექტი გაიწვიეს.

"დილით არ გვქონდა საშუალება, რომ კომუნიკაცია უშუალო გვქონოდა ერთმანეთთან, ამიტომ მიდის ახლა უმრავლესობის სხდომა, ჩვენ გვქონდა დისტანციური ურთიერთობა, მაგრამ ახლა შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობა სრული შემადგენლობით ადასტურებს, ისე როგორც დილით, ზეპირი კომუნიკაციის დროს მიღებულ გადაწყვეტილებას თავიდან ბოლომდე იზიარებს მას. მთავარი ამოსავალი წერტილი რაც იყო ამ გადაწყვეტილების საფუძვლად არის ის, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენეთ თუნდაც ერთი იქ მყოფი ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. პირველი რიგის ამოცანა დავისახეთ და გვერდზე გადავდეთ ყველაფერი, ეს იყო მთავარი წითელი ხაზი, რის გამოც ჩვენ არ გავრისკეთ და არ დავდეთ არც ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე სასწორზე,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოთხოვილია. ასევე აღნიშნა, რომ ,,ხალხის ძალამ“ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ის ვერსიაც გამოიხმო უკან, რომლის განხილვაც პარლამენტს ჯერ არ დაუწყია, ხოლო რაც შეეხება კანონპროექტის იმ ვერსიას, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, მას მეორე მოსმენაზე გაიტანენ, თუმცა მხარს არ დაუჭერენ და ამ ფორმით ჩააგდებენ.

"რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, რომელზეც უკვე ჩვენი გადაწყვეტილების შემდეგ დაისვა კითხვები, შემიძლია, გითხრათ, უკვე რა მოხდა და როგორ გაგრძელდება პროცესები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში თავისი წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ. შესაბამისად, ვენეციის კომისიას ჩვენ აღარ ვთხოვთ, რომ ამ კანონპროექტებზე მოხდეს განხილვა და დასკვნის გამოგზავნა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ერთ კანონპროექტზე, რომელზეც შესაძლებელი იყო პროცედურულად, უკვე გამოხმობილია და გაგზავნილია წერილი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, იმის შესახებ, რომ ის არის უკვე გამოწვეული.

 

რაც შეეხება მეორე საკითხს, შეიძლება, ეს გაკვეული ფორმალობაც იყოს, მაგრამ იმისთვის, რომ ყოფილიყო ფორმალიზება, მიწერილია წერილი მათივე მხრიდან, რომ უარს ამბობენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით არის მიღებული, გამოწვევის გზებს როგორც წესი, საქართველოს რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას კიდევ ერთხელ ვაკეთებ და გიდასტურებთ, რომ ჩავარდნა იქნება ის, რაც პროცედურულად გადაწყვეტს ამ საკითხს“, - განაცხადა მდინარაძემ.

"ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში