ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც უკან ვერავინ წაიღებს, თორემ ათმაგი პროტესტი მოჰყვება უკან წაღების შემთხვევაში - მდინარაძე

09 მარტი 2023, 15:54 727 ნახვა

თუკი ვინმეს უნდა ამ ფორმალურ და ტექნიკურ დეტალებზე სპეკულაციით რაღაც მუხტი შეინარჩუნოს, პასუხისმგებელი იქნება თითოეული ადამიანის ფრჩხილის ტკენაზეც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძემ განაცხადა, რომ ე.წ. აგენტების შესახებ ერთი კანონი პირველი მოსმენით არის მიღებული, ამიტომ ტექნიკურად მისი უკან გაწვევა შეუძლებელია ისევე, როგორც დაჩქარებული წესით განხილვაც შეუძლებელია.

„კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე, როგორც ამას საქართველოს რეგლამენტი ითვალისწინებს. თუკი ვინმეს უნდა ამ ფორმალიზმთან დაკავშირებით სპეკულაციებით რაღაც მუხტი შეინარჩუნოს, პასუხისმგებელი იქნება თითოეული ადამიანის ფრჩხილის ტკენაზეც. თუკი ამით აპირებენ რაღაც მუხტის გაზრდას, აბსოლუტური სპეკულაციაა რაღაც ფორმალურ და ტექნიკურ დეტალებზე საქმის გადატანა და ამით მუხტის შენარჩუნება. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ხვდება, რომ უკან ვერავინ წაიღებს, თორემ ხალხის პროტესტზე თუა საუბარი, ათმაგი იქნება უკან წაღების შემთხვევაში. ეს წარმოუდგენელი ამბავია.

 

წმინდა ტექნიკური და ფორმალური თვალსაზრისითაც მინდა განგიმარტოთ, რომ პირველ მოსმენამდე შესაძლებელია გაწვევა და ერთი კანონის შემთხვევაში ეს ასე მოხდა. რადგან მეორე კანონი პირველი მოსმენით არის მიღებული, გაწვევა და დაჩქარებულად განხილვაც შეუძლებელია იგივე რეგლამენტის თანახმად. აქედან გამომდინარე წმინდა წყლის სპეკულაციაა. ამავე ლოგიკით შეგვიძლია ნებისმიერი სხვა გაწვეული კანონი დავაინიციროთ და დაჩქარებული წესით მივიღოთ, ასეთ რაღაცაზე თუ წავა რომელიმე პოლიტიკური გუნდი. ეს ყველაფერი არის წმინდა წყლის ტექნიკური და ფორმალური საკითხი“,- განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებაზე,  რაც კი მათზე იყო დამოკიდებული, აბსოლუტურად ყველაფერი შესრულებულია და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა.

"ჩვენი პოლიტიკური ხასიათი ჩვენ მრავალჯერ გამოვავლინეთ. როდესაც ადამიანებს, ბავშვებს, შეცდომაშია შეყვანილი თუ გულწრფელი პროტესტი აქვს, მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც რაღაც რისკის ქვეშ დგება და ეს რაღაც შეიძლება იყოს რომელიმე ბავშვის, ახალგაზრდის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, აქ ასეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღო. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ბუნება და ხასიათი...

 

მე ვურჩევ ჩვენს ოპონენტებს ასეთი ბუნება გამოიჩინონ საქართველოს ბედთან დაკავშირებითაც. ამასობაში ჩვენ ევროკავშირის ერთი რეკომენდაცია, რომელსაც არც მიაქციეს ყურადღება და ამ მოვლენებმა გადაფარა, უკვე შევასრულეთ სახალხო დამცველის არჩევა. რაც კი ჩვენზე იყო დამოკიდებული, აბსოლუტურად ყველაფერი შესრულებულია. საქართველოს ევროპულ კურსზე რომ ლაპარაკობენ, სპეკულირებენ და დააჯერეს. ამ აქციაზე ხომ არ იყო ყველა რადიკალური მიზნებით მოსული. ძალიან დიდი ნაწილი აღმოჩნდა, რომ იყო გულწრფელი პროტესტის გამომხატველი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული პირდაპირი თარგმანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალობას ეხებოდა, შეძლოს, რომ ნაწილობრივ აღქმაში გააჩინეს, რომ ეს კანონი იყო რუსულის ანალოგი, როდესაც საერთო არ ჰქონდა რუსულთან რეალურად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისიც განაცხადა, რომ პოლიტიკოსებმა გიორგი ვაშაძე გაწირეს.

„რაც შეეხება ძალადობას, როგორც გუშინ შეხედეთ, პოლიტიკოსებმა გაწირეს მათი თანამებრძოლი გიორგი ვაშაძე, ერთი ადამიანისკენ სცადეს ისრების მიმართვა. ყველას პასუხისმგებლობაა, ვინც ტყუილს ეუბნება საზოგადოებას, ვინც რადიკალიზაციისკენ მოუწოდებს, ვინც არაფრად დაგიდევთ, ჩვენგან განსხვავებით იმას, რომ ვიღაცის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს შეიძლება დიდი საფრთხე შეექმნას და სერიოზული რისკის ქვეშ დადგეს. ყველას პასუხისმგებლობაა, ვინც იტყუება, ვინც არასწორ აღქმებს აყალიბებს საზოგადოებაში და ამ ცრუ ინფორმაციის შედეგად, ადამიანებზე, რომლებსაც გულწრფელი ემოციები აქვთ, სპეკულაციურად თამაშობენ და მოუწოდებენ ისეთი მოქმედებებისკენ, რომელმაც შეიძლება ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში