არაფრის ფასად არ გვიღირდა თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება - კობახიძე

09 მარტი 2023, 17:34 768 ნახვა

ჩვენ არაფრის ფასად არ გვიღირდა თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევის საკითხზე იმსჯელეს.

„განვიხილეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მანამდე იყო მიღებული საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. მამუკა მდინარაძემ უკვე განმარტა ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, გუშინწინ იყო ძალადობრივი ფაქტები, იყო მაშინაც გარკვეული რისკები, თუმცა ეს რისკები შეიძლება გაზრდილიყო.  ჩვენ არაფრის ფასად არ გვიღირდა თუნდაც ერთი ადამიანის იქნებოდა ეს ახალგაზრდა თუ არაახალგაზრდა, ჯანმრთელობის ან სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება. იყო ინფორმაციას, იყო კონკრეტული მოლოდინები გარკვეულ რისკებთან დაკავშირებით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც დილას იქნა გახმოვანებული“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით,  როცა დადგება სათანადო დრო, მიაწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ გავრცელდა ყალბი კამპანია, თითქოს ისინი დაადგენ რუსეთის გზას.

„თუ ვინმეს შეეშალა, ეს არის ის, ვინც ტყუილს ავრცელებდა ამ კანონთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩვენს მხარეს, რა თქმა უნდა, შედეგი მისაღებია მხედველობაში. ის, რომ საზოგადოების ნაწილი შეცდომაში იყო შეყვანილი, ეს შეიძლება იყოს დიდწილად ჩვენი ბრალიც. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს შეცდომაში შეყვანილი, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. დღეს ამ თემაში ჩვენ არ შევალთ, როცა ამის დრო იქნება, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ყალბ კამპანიასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს ამას არ განვიხილავთ. როცა იქნება სათანადო დრო, ჩვენ ვესაუბრებით საზოგადოებას იმაზე, თუ როგორ გავრცელდა ყალბი კამპანია, თითქოს ჩვენ დავადექით რუსეთის გზას“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული და გაჟღერებულია და აქედან გამომდინარე, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება, დანარჩენი მხოლოდ ტექნიკური საკითხია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში