ცესკო-ს თავმჯდომარემ და ევროკავშირის ელჩმა მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე იმსჯელეს

10 მარტი 2023, 18:57 799 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, 29 აპრილს დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნები, აღნიშნულ არჩევნებზე ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება, საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებები და გამოწვევები, სადამკვირვებლო მისიების როლი ტექნოლოგიების ინტერვენციის პროცესში, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო/ ოდირის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის - ეს ის თემებია, რომლებზეც გიორგი კალანდარიშვილმა ევროკავშირის ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მან ყურადღება იმ აქტივობებზეც გაამახვილა, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით ახორციელებს. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო პროცესებში დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა და მათი დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„29 აპრილს დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნები საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კარგ საშუალებას წარმოადგენს, ჩართულ მხარეებთან ერთად კიდევ ერთხელ მოსინჯოს ყველა ახალი პროცედურა ტექნოლოგიური ინტერვენციის მიმართულებით, რადგან 2024 წლის არჩევნებზე ჩვენი მოსახლეობის თითქმის 90% ტექნოლოგიების გამოყენებით გააკეთებს არჩევანს კენჭისყრის დღეს. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ საარჩევნო პროცესზე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა და მათი დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბატონ ელჩს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე იმ საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ, რის წინაშეც ადმინისტრაცია ახლა დგას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც თავისთავად პოზიტიურად აისახება საარჩევნო პროცესზე, რადგან ევროპული არჩევნები და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტი არის ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი, საითაც მივდივართ“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა დღეს გაიმართა.

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში