7 მარტს, შსს-ს მხრიდან გაფრთხილებაზე განცხადებების დროისთვის, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა ძალის გამოყენების საფუძველი - ლევან იოსელიანი

13 მარტი 2023, 12:13 709 ნახვა

სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 7 მარტს, საღამოს საათებში გაფრთხილების თაობაზე განცხადების გაჟღერების დროისთვის, აქციას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა და არ არსებობდა მისი შეწყვეტის და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძვლები, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომელთა მხრიდან ძალადობის შემთხვევებს ადგილი ჰქონდა, უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები, თუმცა სამართალდამცველებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ, სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს ეწინააღმდეგება.

„პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილთა ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი მოქმედებები საფუძვლად დაედო სამართალდამცველების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით გაუმართლებელ შეწყვეტას 8 მარტსაც. მას შემდეგ, რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის მხარეს შენობის დაზიანება, მინების ჩამტვრევა, პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირების განხორციელება დაიწყო, თუმცა აღნიშნული ძალის გამოყენება სრულიად არალეგიტიმურად გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის წინ მდგომი შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ.

 

შეკრების მართვის მიზნით, სამართალდამცველთა მიერ გამოყენებული ღონისძიებების შედეგად, დაშავდნენ ადგილზე მოვალეობის გაშუქების მიზნით მყოფი მედიის წარმომადგენლებიც. გავრცელდა ინფორმაცია მათი საქმიანობის ხელშეშლის შესახებაც, მაშინ, როდესაც აქციის მიმდინარეობისას, კანონმდებლობა მათ განსაკუთრებულ დაცვის ქვეშ აქცევს.

 

ამავდროულად, სამართალდამცველები აქტიურად მიმართავდნენ შეკრების მონაწილეების ადმინისტრაციული წესით მასობრივი დაკავების პრაქტიკას. გავრცელებული კადრები ცხადყოფს, რომ ცალკეული შემთხვევებში მსგავსი ღონისძიება არ წარმოადგენდა მიმდინარე სამართალდარღვევის აღკვეთის ზომას. შესაბამისად, ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას და უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახე ჰქონდა,“ - განაცხადა იოსელიანმა.

როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, აქციაზე დაკავებულებს რიგ შემთხვევაში დაზიანებები აღენიშნებოდათ. მისი თქმით, რამდენიმე დაკავებულის შემთხვევაში, სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა.

ლევან იოსელიანი საგამოძიებო სტრუქტურებს მოუწოდებს, რომ ჩაატარონ  ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტზე.

"სახალხო დამცველმა და რწმუნებულებმა მოვინახულეთ 96 დაკავებული პირი. რწმუნებულები დაკავებულებთან შეხვედრის მიზნით ინტენსიურად მუშაობდნენ არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ამასთან რამდენიმე დაკავებულმა პირმა აპარატს მომართა მათი დაკავების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით. დაკავებულები მიუთითებენ დაკავების უხეშ ფორმაზე და რიგ შემთხვევაში, აღენიშნებოდათ დაზიანებები. რამდენიმე დაკავებულის შემთხვევაში, მათივე სურვილით და თანხმობით, სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მიზნით.

 

განსაკუთრებით ხაზგასასმელია ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა მისი და მოწმის განმარტებით შსს-ის რამდენიმე წარმომადგენელმა ფიზიკურად გაუსწორდა, სცემეს ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით, აღენიშნება დაზიანება თავისა და კისრის არეში, ასევე ხელის მტევნის არეში. სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს აქციაზე დაკავებულ პირთა საქმიანობის შესწავლას, ასევე მომავალში განახორციელებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების მონიტორინგს. ამასთანავე სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო სტრუქტურებს ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალი გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტზე."- განაცხადა იოსელიანმა.

სახალხო დამცველმა აქციაზე მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა, როდესაც აქციის მონაწილეებმა მას კვერცხები ესროლეს. ლევან იოსელიანმა განმარტა, რომ ის ყველას უფლებებს დაიცავს - როგორც იმ ადამიანების, ვინც მას აქციაზე თბილად შეხვდა, ასევე მათ, ვინც მას თავს დაესხა.

„ეს იყო ძალიან სამწუხარო ინციდენტი, მაგრამ დღეს უკვე ამ ინციდენტს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვარ მათი უფლებების დამცველი - იმ ადამიანების, რომლებიც თავს დამესხნენ და სხვებისაც, რომლებმაც თბილად მიმიღეს აქციაზე. შესაბამისად, მე ამ ადამიანებს დღეს უკვე, რაც პოლიტიკა დავტოვე და გადმოვედი სახალხო დამცველად, აღარ დავყოფ იმის მიხედვით ვინ მომწონს და ვინ არა. ჩემი პროფესიული მოვალეობა, ეს საპატიო პოსტი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ყველას მიმართ უნდა იყო თანაბრად ნეიტრალური და ამას ვაპირებ მომავალში“, - განაცხადა იოსელიანმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში